ელექტრომაგნეტიზმი, სისხლის დინება და კოაგულაცია
- მარტი 13, 2023
2023 წლის 10 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით -„ელექტრომაგნეტიზმი, სისხლის დინება და კოაგულაცია“, წარსდგა თოდუას კლინიკის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მერაბ ბერაია. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჰემოდინამიკის თეორიაში ბევრი აუხსნელი ფაქტია. – სისტემურ მიმოქცევაში სისხლის გადასატანად საჭირო სამუშაოს რაოდენობა აღემატება მარცხენა პარკუჭის მიერ შესრულებულ სამუშაოს. – სისხლში დინების წინააღმდეგობა დინამიურად იცვლება ელექტროკარდიოგრამის რითმის შესაბამისად და აისახება უომერსლის რიცხვში. -ვისკოელასტიურობის რითმული ტრანსფორმაცია ასევე გამოხატულია კოაგულაციაში. უნდა არსებობდეს კავშირი ეკგ-სა და სისხლის ნაკადის გარდამავალ წინააღმდეგობას შორის. შესწავლილი იქნა ელექტრომაგნიტური ველის გავლენა სისხლის კოაგულაციაზე. ვენურ სისხლს ვასხივებდით ცვლადი ელექტრომაგნიტური ველით (500 – 5000 ჰც) 25 ჯანმრთელ პირში (15 მამაკაცი, 10 ქალი. ასაკი 18-57 წ). სისხლის ნორმალურ ნიმუშებში გამოვლინდა ჰიპოკოაგულაცია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება 10-23×109/ლ-მდე, პროთრომბინის ინდექსი 9%-10%-მდე, ფიბრინოგენის კონცენტრაცია 0,20-0,21 გ/ლ-მდე) და თრომბოლიზი სისხლის სტაზის შემდეგ. მიოკარდიუმის დეპოლარიზაციის დროს ელექტრული ველი იწვევს ელექტროაკუსტიკურ ფენომენებს. წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ძალა მოქმედებს სისხლის წითელ უჯრედებზე და პულსურ წნევასთან ერთად განაპირობებს როგორც სისხლის მოძრაობას, ასევე ვისკოელასტიურ ცვლილებებს. ჰემოდინამიკა ასევე განპირობებულია ჰემოგლობინის მაგნიტური თვისებებით და ერითროციტის სტრუქტურული თავისებურებით. გარეშე ელექტრომაგნიტურ სიგნალს შეუძლია მართოს სისხლის კოაგულაციის პროცესი, მათ შორის, თრომბოლიზი.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ მოწონებულ იქნეს თოდუას კლინიკის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ მერაბ ბერაიას მოხსენება „ელექტრომაგნეტიზმი, სისხლის დინება და კოაგულაცია“ და მიღებულ იქნეს ცნობად.