ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- აპრილი 16, 2023
მიმდინარე წლის 5 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. მოხსენების თემა გახლდათ – „საქართველოს ეკონომიკა: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები“, მომხსენებელი – აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
ბატონი ვლადიმერის თქმით – საქართველოს ეკონომიკის განვითარების საუკეთესო ტრაექტორიის განსაზღვრისთვის, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა შეძლებს წარმატებით გაართვას თავი იმ გამოწვევებს და სირთულეებს, რომელთა წინაშეც დღეს მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დგას.
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის ადეკვატური დიაგნოზის დასმა, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ მისი გაჯანსაღების უმთავრესი მიმართულებები. დიაგნოზის დასმისთვის კი უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის მდგომარეობით, რადგანაც ეს იყო პანდემიის დაწყების წინა წელი.
საქართველოს ეკონომიკა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დაწყებული ყოველთვის იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, როცა იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აჭარბებდა (მაქსიმალური თანაფარდობა იყო, როცა იმპორტი სულ ცოტა 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს). იმპორტდამოკიდებული საქართველოს ეკონომიკისათვის ასევე დამახასიათებელია ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის საშუალო სამომხმარებლო კალათაში, ისევე როგორც საშუალო სასურსათო კალათაში, იმპორტულ საქონელს 70% უჭირავს, მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 30%-ია. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური მოდელის უმთავრესი მახასიათებელი არის მომხმარებლურობა. სხვა სიტყვებით, საქართველოში იმპორტდამოკიდებული და, იმავდროულად, მომხმარებლური ეკონომიკა ჩამოყალიბდა.
მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს გამოწვევას კი წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების გათვალისწინებას მოითხოვს. ეს უშუალოდ გამომდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე „ნავთობის ომიდან“ და „სასურსათო ომიდან“, რისი წინაპირობაც არის რუსეთის მიერ უკრაინაში
დაწყებული ომი და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
დასკვნის სახით, საქართველოს ეკონომიკისთვის აუცილებელია: მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ამოცანების გადაწყვეტა. ამ კონტექსტში ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებია: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა (რომელიც უმთავრესად ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებს) და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადასვლა.
მოხსენებამ დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, რამაზ ხეცურიანმა, თამაზ შილაკაძემ, ბიძინა კორახაშვილმა და სხვ.