პირველად საქართველოში, შავი ზღვის მეცნიერული კვლევის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება
- მაისი 9, 2023
აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თანახელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში, პირველად საქართველოში, ნატოს სტანდარტების გათალისწინებით შავი ზღვის ობსერვატორია (NPBSO) დაფუძნდება, სადაც ინსტიტუტის მეცნიერები შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლიან.
სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში შედის მსოფლიოს ექვსი ქვეყნა – საქართველო, აშს, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი – ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით მოამზადა საგრანტო პროექტი ,,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“, რომელიც 2023-2025 წლებში განხორციელდება.
საერთაშორისო კონსორციუმის შემადგენლობაში მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები და ორგანიზაციებია გაერთიანებული, როგორიცაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), უკრაინის სოფლის მეურნეობის ნაციონალური აკადემიის წყლის პრობლემებისა და მელიორაციის ინსტიტუტი (უკრაინა), კარდენიზის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი (ტრაპიზონი, თურქეთი), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის კლიმატის, ატმოსფეროს და წყლის რესურსების ინსტიტუტი (სოფია, ბულგარეთი), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ეკოცენტრი.
საერთაშორისო მეცნიერული თანამშრომლობის ხელშეკრულება სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ჯერ კიდევ 2019 წელს გაფორმდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა პროექტის შემუშავება.
სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა დაიწყო აქტიური მუშაობა სამეცნიერო საერთაშორისო კონსორციუმთან და ჩაუდგა სათავეში ნატოს სტანდარტებით გათვალისწინებულ საგრანტო პროექტს – ,,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით.“ 2022 წელს დასრულდა პროექტზე მუშაობა და დაფინანსების მიზნით გაიგზავნა ბრიუსელში (ბელგია) ნატოს შტაბ–ბინაში. პროექტის დამუშავება გათვალისწინებულია 3 წლის განმავლობაში და ბიუჯეტი შეადგენს 348 000 ევროს. პროექტი არის მასშტაბური და რაც მთავარია, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი მიზანია, პირველად საქართველოში დააფუძნოს შავი ზღვის ობსერვატორია ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით. ობსერვატორია სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში (ქ. ფოთი) განთავსდება. პარალელურად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევებისათვის გათვალისწინებულია ჰიდროდინამიკური მოდელების დამუშავება და დაბინძურების რისკებისა და კონტროლისათვის ციფრული ინოვაციური მოდელების დამუშავება.
სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის განცხადებით, მეცნიერები პროექტში – ,,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“, ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით, დიდი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ რისკებზე, როგორიცაა: ნავთობტერმინალების უსაფრთხოება, ტანკების ჩაძირვის შესაძლებლობები, აგრეთვე, სამხედრო და ტერორისტული თავდასხმები შავი ზღვის პორტებში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიის მდინარეთა ესტუარებისათვის ციფრული მოდელების დამუშავება, რომლითაც დადგინდება ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დაბინძურების დონეების რისკები, კერძოდ, წყალდიდობის, წყალმოვარდნების, ეროზიულ–ღვარცოფული პროცესები და ა. შ.
ამ რისკების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე შეიქმნება შავი ზღვის უსაფრთხოების მათემატიკური მოდელი შესაბამისი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.
პროექტის შედეგების ტესტირება განხორციელდება საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და კალოფორნიის სანაპირო ზოლში მდებარე დიდ ნავსადგურებსა და ტურისტულ ზონებში ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.