ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 12, 2023

 

 ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია  

მიმდინარე წლის 27 აპრილს აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია“ გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სახელმწიფო მრჩეველი, დიპლომატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე გამსახურდია.

წარმოდგენილი თემის  აქტუალობიდან გამომდინარე მომხსენებელი შეეხო: კულტურების, მათი ურთიერთობების, მათ შორის არსებული წინააღმდეგობების და ცალკეულ ასპექტებში მათი სინთეზის გამომწვევი პროცესების კვლევას, რაც მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეობის, რელიგიის ისტორიის, ფილოლოგიისა და სემიოტიკისათვის. ეს კვლევა მხოლოდ ირანის და მესოპოტამიის რეგიონებს როდი მოიცავს, არამედ სამხრეთ კავკასიის მთელ არეალს – იბერიას, სომხეთს და მის ყველა ნაწილს, რომლებიც ერთიან კულტურულ და პოლიტიკურ ველში შედიოდნენ. სხვადასხვა ფსიქო-სოციალური ჯგუფების ცნობიერების, ასევე ცალკეულ მნიშვნელოვან ისტორიულ პირთა მრწამსის, მენტალობის და ქმედების მოტივაციების კვლევა უაღრესად საინტერესო გზაჯვარედინზე, როგორიცაა კავკასია, და ასევე ფრიად საინტერესო ეპოქაში, როგორიცაა გვიან ანტიკურობის მწუხრი და ადრექრისტიანული ხანის გარიჟრაჟი, მრავალი თვალსაზრისით გვიჩვენებს, თუ რატომ განვითარდა ისტორია ჩვენს თანამედროვეობამდე სწორედ ასე და არა სხვაგვარად.

საკითხის შესწავლისას მომხსენებელი დაეყრდნო ზღვა მასალას სხვადასხვა ენებზე – ძველირანულ, საშ. სპარსულ და ახალსპარსულ, სირო-არამეულ, ბერძნულ, სომხურ, ქართულ წყაროებს, ზოგიერთ მათგანს ორინიგალში გაეცნო, ზოგიერთს აკადემიურ თარგმანში. მოხმობილ იქნა ეპიგრაფიკული და არქეოლოგიური მასალები, ასევე ხელოვნების ნიმუშები როგორც ირანული, ისე კავკასიური პოლიტიკურ-კულტურული სივრცეებიდან. ასევე გათვალისიწნებულ იქნა მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა ენებზე.

ფრიად საინტერესო მოხსენების ირგვლივ ისაუბრეს აკადემიკოსებმა: ელიზბარ ჯაველიძემ, როინ მეტრეველმა, ვალერი ასათიანმა, ინესა მერაბიშვილმა; პროფესორებმა: მარიკა ჯიქიამ, ელდარ ნადირაძემ და სხვ.