ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები
- მაისი 24, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციის ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მომზადდა პროექტი ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ ფინანსდება UNESCO- ს მიერ.
პროექტში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და რისკების მართვის სამოქმედო გეგმის დამუშავებაზე და დანერგვაზე, ასევე მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასებასა და მოსალოდნელი ბუნებრივი და ანტროპოგენური კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების შერბილებასთან.
პროექტი ითვალისწინებს ყაზბეგის, დუშეთის, თელავის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სტიქიით საშიშ ზონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებული ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიზნით კონფერენციებისა და ვორკშოფების მოწყობას, გარემოსდამცავი ინოვაციური ღონისძიებების გაცნობას და შესაბამისი მეცნიერული საცნობარო მასალების გამოცემას.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერ-თანამშრომლობის მიერ ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსაწავლეებისა და პედაგოგებისათვის გარემოსდამცავ თემატიკაზე საჯარო ლექციებისა და კონფერენციის ჩატარება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე UNESCO- ს სახელობის სკვერის მოწყობა.
პროექტი ფინანსდება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ,,მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში.