თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია
- მაისი 25, 2023
მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმურატ მურატოვი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ ჭოხონელიძე, პროფესორი მარიკა ჯიქია, აღმოსავლეთმცოდნე მაკა შონია, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო პოპიაშვილი, თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი ამანდური ნურაევი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ თურქმენი პოეტი მახტუმკული ფარგი გახლდათ თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ჰუმანიტარი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე, რომელიც XVIII საკუნეში მოღვაწეობდა. მისი ნაწარმოებები ნაწილობრივ თარგმნილია ქართულ ენაზე პროფესორ ზეზვა მედულაშვილის მიერ, თუმცაღა მისი თარგმანების ერთიანი კრებული ჯერჯერობით არ არსებობს.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ დიდი თურქმენი პოეტისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება „გაეროსა“ და „იუნესკოს“ ეგიდით. მისი სახელობისაა საერთაშორისო პრემია ლიტერატურის დარგში, მის სახელს ატარებს თურქმენეთში არსებული მრავალი დაწესებულება თურქმენი პოეტისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიებები 2024 წელს აშხაბადში გაიმართება.