აკადემიკოს როინ მეტრეველის გამოსვლის ტექსტი (07.06.2023)

აკადემიკოს როინ მეტრეველის გამოსვლის ტექსტი (07.06.2023)

  • ივნისი 2, 2023

პატივცემულო კოლეგებო, ბატონებო!

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დღიდან დაფუძნებისა ქართველი საზოგადოების, მისი სამეცნიერო სფეროს სამსახურში იყო. აკადემიის ოთხმოცწლოვანი ისტორია არის ნიმუში ქართული მეცნიერების გეგმაზომიერი ზრდისა და განვითარებისა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებამ (1918 წ.) მასში მეცნიერების აღმავალმა განვითარებამ, მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის (1935 წ.) შქმნამ, რეალურად განაპირობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსება. 1941 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების შესახებ.

მსოფლიომ საყოველთაოდ აღიარა მათემატიკის, ფსიქოლოგიის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის სკოლები; საყოველთაოდაა ცნობილი ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, აგრარული, დედამიწის შემსწავლელი და ტექნიკურ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებები. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეცნიერება ოთხმოცი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად წავიდა წინ. საკმაოდ განვითარდა ქართველოლოგიური დარგები. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არიან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შემსწავლელი მეცნიერები. გამოვიდა ამ დარგებში ფართო ხასიათის სამეცნიერო ლიტერატურა. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული ოთხმოც წელზე მეტი ხნის მანძილზე რამდენადმე იცვლებოდა აკადემიის მდგომარეობა. ამ საუკუნის ათიან წლებში ჩატარებულმა რეფორმამ არსებითად შეცვალა ბოლო პერიოდის ვითარება.

მეცნიერებათა აკადემიის დღევანდელი მდგომარეობა არსებითად განსხვავდება წინა პერიოდებისგან. შეიცვალა სტრუქტურა. მოგეხსენებათ, განსხვავება ძველსა და ახალს შორის ისაა, რომ ამჟამად ადრე აკადემიის შემადგენლობაში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ყველა სამეცნიერო დაწესებულება და უჯრედი გასულია აკადემიის სფეროდან. ცხადია ამან აკადემიის საქმიანობაში თავისებური ცვლილება გამოიწვია. დღეს საკითხი დგას, რომ მეცნიერებათა აკადემიამ შემოქმედებითად იხელმძღვანელოს კანონით „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ და დაეყრდნოს ამ კანონში მოცემულ პრინციპებს. საქმე ისაა, რომ კანონი გვაძლევს ჩვენი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს – ქვეყნის ყველა ტიპის სამეცნიერო დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი) სამეცნიერო თვალსაზრისით ანგარიშვალდებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე. ეს ფაქტი კანონის საგანგებო მუხლითაა გარანტირებული.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე აკადემიის დაქვემდებარებაშია ორი სტრუქტურული ერთეული – „ქართული ენციკლოპედია“ (თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელიც მნიშვნელოვან სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა) და „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი და „ქართული ენის თესაურუსის შემდგენელი კომიტეტი“ (მის მიერ შესრულებული სამუშაო ისტორიული მნიშვნელობისაა).

კანონმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გამოაცხადა გელათისა და იყალთოს აკადემიის მემკვიდრედ. მართლაც 80 წელს გადაცილებული აკადემია აგრძელებს უძველეს ქართულ ტრადიციებს.

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სამეცნიერო სისტემის განვითარებას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მოტანა შეულია. კერძოდ, სამეცნიერო კვლევა და ინოვაცია ხელს უწყობს „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ ფორმირებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საექსპორტო პოტენციალის და საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას. მნიშვნელოვანია მეცნიერების როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი გამოყენების შესახებ“ კანონით განისაზღვრა სამეცნიერო სფეროს სამართლებრივი საფუძველი და პოლიტიკის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული კანონით სახელმწიფომ აღიარა მეცნიერების მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებაში და აიღო მისი განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება. სამწუხაროდ, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო სამეცნიერო რეიტინგში მოკრძალებულია. პრაქტიკული თვალსაზრისით, მეცნიერება სრულფასოვნად ვერ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესში. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების კონკრეტულ ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შემთხვევები იშვიათად გვხვდება. ფაქტია ისიც, რომ სამეცნიერო კვლევებით ნაკლებად არის დაინტერესებული კერძო სექტორი.

მიგვაჩნია, რომ აკადემიის თაოსნობით უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ან გენეტიკაში (ცოცხალი სამუშაოს შესწავლის ბაზისი).

დასახვეწი გვაქვს სამეცნიერო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასების სისტემა. სამეცნიერო საქმიანობის დღევანდელი სისტემა ვერ უზრუნველყოფს სწორ მონიტორინგსა და ობიექტური შეფასების სისტემას – პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წლიური შეფასებები რამდენადმე ფორმალურ ხასიათს ატარებს.

მეცნიერებათა აკადემიის მიერ განხორციელებული უმაღლესი სასწავლებლებისა და დასრულებული სამეცნიერო კვლევების შეფასებით თითქმის 95% დადებითია. აუცილებელია მონიტორინგის ქმედითუნარიანობის ამაღლება. სამეცნიერო სფეროს მართვის სისტემის ფუნქციონირებასა და სამეცნიერო შედეგების შესასრულებლად აუცილებელია შეფასებისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემის არსებობა. აუცილებელია სერიოზული ნაბიჯი გადაიდგას შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებისათვის. საჭიროა: აკადემიის განყოფილებები, საგანგებო კომისიები და ექსპერტის სტატუსით აღჭურვილი პირები უფრო აქტიურად ჩაებან მეცნიერთა მიერ წარმოებულ კვლევებში. მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ საბოლოო შეფასებაში, არამედ მათ დაგეგმვაშიც.

საჭიროა ჩვენი მცდელობა, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რომ სახელმწიფომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მეცნიერების განვითარების აუცილებელი წინა პირობების შექმნაში, უზრუნველყოფილი რომ იქნას მეცნიერების სტაბილური განვითარება; საჭიროა მივაღწიოთ სამეცნიერო დაწესწებულებების რეალურ ავტონომიურობას და აკადემიურ თავისუფლებას.
შესაძლებლად გვესახება მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლის უმთავრესი ამოცანა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა იქნება.

მაშინ, როცა სამეცნიერო საქმიანობა ინტენსიურად მიმდინარეობს მსოფლიოში საქართველოს სამეცნიერო შრომების ზრდის ტემპი ჩამორჩება საშუალოს. ეს გასათვალისწინებელია.

არსებითია მეცნიერების დაფინანსება. ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაფინან¬სების სასურველ დონედ სამეცნიერო საქმიანობის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ით განისაზვრა. საქართველოში ეს ციფრი შედარებით მცირეა. ფაქტია, რომ ბოლო წლებში არ განახლებულა სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. კვლევებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

ხელისუფლებასთან ურთიერთობის საფუძველზე უნდა შევეცადოთ, რომ სახელმწიფოსთვის სამეცნიერო სფერო და მისი რეგულირება პრიორიტეტული გახდეს. ამას ხელს შეუწყობს კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის გააქტიურება, ეფექტურობის გაზრდა. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერული კვლევებისათვის საჭირო ასიგნობების გამოყოფას. მაღალი ხარისხის სამეცნიერო შრომების სათანადოდ დაუფინანსებლობა გამოიწვევს მკვლევართა დემოტივიზაციას; ასევე – პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერულ გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად იმოქმედებს. ეს კი შესაბამისადა აისახება ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალზე.

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს აკადემიის საპრემიო სისტემა. შესაძლოა გამოინახოს სახსრები და პრემირება მეცნიერების ძირითად დარგებში ყოველწლიური გახდეს.

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” კანონში მეცნიერების განვითარების პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემადგენელ ნაწილადაა მიჩნეული. ამავე კანონის მიხედვით, მეცნი¬ერების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების დადგენა და მათი განვითარების ხელშეწყობა. ამოცანად ვთვლით, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ერთად გადავხედოთ არსებულ პრიორიტეტებს და შევეცადოთ მათ დახვეწას, რათა კვლევის შედეგები ქვეყნის სამსახურში ჩადგეს რეალურად. აუცილებელია არსებობდეს სამეცნიერო სფეროს განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც მოცემული იქნება მართვის მიმართულებები, რომლებიც პასუხობენ ქვეყნის განვითარების გამოწვევებს, ზრდიან ეროვნულ კეთილდღეობას და ხელს უწყობენ ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებას.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, რომელიც დამოუკიდებელი კვლევებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით ითვალისწინებს საქართველოში სამეცნიერო სფეროს მართვის სისტემის რესტრუქტურიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეცნიერებათა აკადემიამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში (ე.წ. ევროკომისიის ჩარჩო-პროგრამა).

გულწრფელად ვიტყვი, არ მეგულება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არც ერთი წევრი, არც ერთი წევრ-კორესპონდენტი, რომელსაც კარგად არ ჰქონდეს გაცნობერებული მეცნიერების ამ ეროვნული ცენტრის უსაზღვრო მნიშვნელობა. დღეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მთელი შემადგენლობით მეცნიერების სამსახურშია და შესაბამისად ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ და შეულახავად ვატაროთ აკადემიის ღირსება, რომლითაც იგია აღჭურვილი. თავის მხრივ აკადემიამ უნდა იზრუნოს თავისი წევრების ღირსებაზე. ცხადია, ჩვენი საქმიანობა არ არის უნაკლო. ამიტომაა საჭირო მრავალმხრივი მონდომება, დიდი შრომა, მეცნიერულთან ერთად მაღალი მოქალაქეობრივი სახის შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ ერთობლივი მიზანსწრაფვით შევეცდებით ნაკლოვანებათა გამოსწორებასა და ქართული მეცნიერების ფლაგმანის როლის მაღალ დონეზე ტარებას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს აკადემიის ახალი წევრებით შევსებას. უნდა შევეცადოთ, რომ აკადემიაში მოვიდნენ მაღალი დონის მეცნიერები, ამასთან პიროვნებები, რომლებიც მაღალი მოქალაქეობრივი შეგრძნებით, კეთილსინდისიერებით და ქვეყნის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი.

აკადემიის ხელმძღვანელობამ დააყენა აკადემიის სისტემაში სადოქტორო დისერტაციის დაცვის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ახლანდელი აკადემიური დოქტორობა არ არის სამეცნიერო ხარისხი. უკვე ათ წელზე მეტია ჩვენში რეალური სამეცნიერო ხარისხის დაცვები აღარ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მალე აკადემიას შეიძლება შეექმნას სამეცნიერო კადრებით შევსების პრობლემა. კომენტარს აღარ გავაგრძელებ, მოგახსენებთ, რომ საკითხის დასმით შევეცდებით მის დადებითად გადაჭრას. ცხადია, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მონაწილეობას აკადემიის არჩევნებში. უბრალოდ ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხზე.

შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია მეცნიერებათა აკადემიის სპეციალურ პროფესიულ დარგობრივ კომისიებში, ამ უკანასკნელთა შემადგენლობის დახვეწის შემდეგ მოხდეს აკადემიური ხარისხის მინიჭება.

არსებული კანონის საფუძველზე ჩვენ შევაჩერეთ წევრ-კორესპონდენტების არჩევნები. ეს სტატუსი მილევადი გახდა. შემოვიღეთ სტიპენდიატის სისტემა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა. საკითხი დასმულია და ვფიქრობთ მივაღწევთ წევრ-კორესპონდენტის სტატუსის აღდგენას.

მიგვაჩნია, რომ დარგობრივ განყოფილებებთან არსებული კომისიები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. საჭიროა რომ ამ კომისიების საქმიანობას გააქტიურება. სწორედ მათი გაწეული შრომის შედეგად კანონით გათვალისწინებული დებულება აკადემიისადმი ყველა მეცნიერული ჯგუფის ანგარიშვალდებულების შესახებ, ქვეყნის მეცნიერულ წრეებთან ურთიერთობის რეალურ ბერკეტად უნდა იქცეს. ამ საქმეში უნდა გააქტიურდეს დარგობრივი განყოფილებები. უნდა გაიზარდოს როგორც აკადემიის განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნების, ისე განყოფილებათა სწავლული მდივნების როლი.

პატივცემულო კოლეგებო, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამემამულეთა რაოდენობამ და, დღეისათვის, ეს მაჩვენებელი თითქმის 300 კვალიფიციურ მეცნიერს ითვლის. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი რიცხვი 80-ია, გერმანიაში – 36, დიდ ბრიტანეთში – 14 და, ვვარაუდობთ, რომ წლიდან წლამდე ეს მონაცემები, მსოფლიო მასშტაბით, პერმანენტულად კიდევ უფრო გაიზრდება.
უცხოეთში ქართველ მეცნიერთა მოღვაწეობის მზარდი დინამიკა უწინარეს ყოვლისა იმ გარემოებით აიხსნება, რომ უცხოეთის სამეცნიერო ცენტრების მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები ბევრად აღემატება საქართველოს შესაძლებლობებს. რეალურად, ჩვენ კიდევ ათეული წლები გვჭირდება, რომ მთელ რიგ სამეცნიერო დარგებში მივუახლოვდეთ უცხოეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრების ტექნიკური აღჭურვილობის დღევანდელ დონეს. მოგეხსენებათ, ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად საბუნებისმეტყველო, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მედიცინისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების დარგებში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერები სიამოვნებით თანხმდებიან ითანამშრომლონ იმ ცენტრებში, სადაც მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად საუკეთესო პირობებია. ამის საილუსტრაციოდ საქვეყნოდ ცნობილი „ცერნის” მაგალითიც იკმარებს, სადაც 35-ზე მეტი ქართველი მეცნიერია დასაქმებული.

ამასთან, გასათვალისწინებულია ისიც, რომ დღეისათვის, ასევე დინამიურად იზრდება საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ მაგისტრანტთა და დოქტორანტთა რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია. სავარაუდოა, რომ მათგან ყველაზე გამორჩეულნი ეცდებიან სამეცნიერო მოღვაწეობა უცხოეთში გააგრძელონ, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეთა რაოდენობას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს უცხოეთის ქვეყნებში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებთან და სპეციალისტებთან. მათთან მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით სტანდარტებთან დაახლოება დიდ სტიმულს მისცემს ორივე მხარეს და, ამასთან, სერიოზულად შეუწყობს ხელს ჩვენი თანამემამულე მეცნიერებისა და სპეციალისტების საქართველოს კვლევისა და ექსპერტიზის სივრცეში ადაპტირებას, ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. არ არის შემთხვევითი, რომ მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გადადგა პირველი ნაბიჯები და ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების თანადგომით იქმნება „სწავლულ ექსპერტთა რეესტრი”, რომელიც დიდ პერსპექტივებს გვისახავს, როგორც საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მეცნიერებთან, ისე საქართველოსთან მჭიდრო კოლაბორაციაში მყოფ უცხოელ მეცნიერებთან ინსტიტუციური თანამშრომლობისთვის. ჩვენ შევეცდებით, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ვფიქრობთ, საჭიროა კონტაქტის გაზრდა საქართველოს რეგიონებთან. ბევრის გაკეთება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის განყოფილებას, ტექნოლოგიების განყოფილებას, ფიზიოლოგიისა და ეკონომიკის მიმართულებას, სხვა მეცნიერებს. რეგიონებთან ნორმალური აქტიური ურთიერთობის შემთხვევაში აკადემიას გარკვეული სარგებლის მიღება შეუძლია. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის განყოფილებას. ამ რეგიონში სერიოზული სამეცნიერო სამუშაო ტარდება, ღირსეული მეცნიერები გვყავს. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციის საქმიანობას. სწორად შევაფასოთ და დავაფასოთ ის დიდი შრომა, რომელსაც საკმაოდ რთულ პირობებში ეწევიან ჩვენი ენციკლოპედისტები. ენციკლოპედია ერის სახეა და მისი წარმატებული საქმიანობა აკადემიისთვის სიკეთის მომტანია.
კეთილი და სერიოზული შრომა მიმდინარეობს შოთა რუსთაველის „ვეფისტყაოსნის” აკადემიური ტექტის დადგენისა და მაღალი დონის „თესაურუსის” შექმნისათვის. აკადემიის განყოფილებებმა თავისი საქმიანობის დღის წესრიგში გამუდმებით უნდა იქონიონ ამ ორი ქვეყნისათვის მეტად საჭირო ერთეულის საქმიანობა, იზრუნონ მათი წარმატებებისათვის.

სერიოზულია აკადემიის მოცულობით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამომცემლობის, სტამბის საქმიანობა. სარედაქციო საბჭოს ამოცანაა გაუმჯობესდეს ეს მუშაობა, გამომცემლობის პროდუქცია პირდაპირ შეესაბამებოდეს მეცნიერთა ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლად მიმაჩნია გამომცემლობამ თავს იდოს ე.წ. პრეპრინტების გამოცემა, სადაც მოკლე ფორმატში ოპერატიულად აისახება ახალი აღმოჩენები, თუ სამეცნიერო სიახლეები.

კვლავ უნდა გაგრძელდეს „მოამბის” (ინგლისურ ენაზე) გამოცემა, თანაც აუცილებელია მეცნიერების დარგები წარმოჩენილი იყოს საჭირო პროპორციით. უნდა გაგრძელდეს „მაცნეს” სხვადასხვა მიმართულების გამოცემები, ყოველივე ეს ჩვენს მეცნიერებს თავისი მასალის გამომზეურების საშუალებას აძლევს.

გარკვეული მიზეზების გამო (მხედველობაში გვაქვს მძიმე ეპიდემია, რომელიც ქვეყანაში ორწელზე მეტ ხანს მძვინვარებდა) ერთგვარად შემცირდა საერთაშორისო კონტაქტები. არადა მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებთან-აკადემიებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი საჭიროა მსოფლიო მასშტაბის მეცნიერული მოვლენების საქმის კურსში ყოფნა, მეორე, სასურველიცაა გამოცდილების ურთიერთგაზიარება. კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიის ბევრი წევრი არის მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების შემადგენლობაში. სწორედ მათი მეოხებით, აგრეთვე ჩვენი საქმიანობის გააქტიურებით (მხედველობაში გვაქვს სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა, ერთობლივ თემატიკაზე მუშაობა და სხვ.). ეს ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს. საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრებთან. შეიძლება გამოინახოს სამივლინებო საშუალებები და აკადემიის წევრთა მობილურობა გავაუმჯობესოთ. ყოველივე ეს აკადემიური საქმიანობის წინსვლას შეუწყობს ხელს.

მინდა აღვნიშნო, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აპარატი დაკომპლექტებულია საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, საქმის მცოდენ პირებით. ალბათ კარგი იქნებოდა, სტრუქტურის ზოგიერთი დეტალის გაუმჯობესება, აკადემიის საქმიანობის დახვეწის მიზნით დარგობრივი განყოფილებები უნდა გახდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან რეალური აქტიური კავშირის შემოქმედი. არ უნდა დაგვრჩეს ქვეყანაში არსებული არც ერთი სამეცნიერო უჯრედი ყურადღების გარეშე. მეცნიერებაში არსებული მდგომარეობა შესაბამის განყოფილებებში უნდა გაანალიზდეს და შემდეგ საჭირო შემთხვევაში დაისვას საკითხი მასზე რეაგირების შესახებ. შევეცადოთ, რომ ამაღლდეს დარგობრივი პროფესიული კომისიების როლი. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევასრულოთ სახელმწიფო კანონით მინიჭებული ხელისუფლების მრჩევლის როლი.

მიგვაჩნია, რომ მეცნიერებათა აკადემიამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყანაში, ზოგადად მეცნიერებაში მიმდინარე პროცესებს. ყურადღების გარეშე არ დარჩეს: სიახლეები, აღმოჩენები; ასევე ის ზოგჯერ სამწუხარო შემთხვევები (ვთქვათ „ისტორიის გაყალბება, პლაგიატის შემთხვევები და სხვ.), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს.

აღვნიშნავ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მემორანდუმები აქვს დადებული სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებთან: უნივერსიტეტებთან, ტელეარხებთან, საწარმოებთან. სამწუხაროდ ვერ შევძელით მემორანდუმების შესაბამისი ურთიერთობა, ვერ ვიყენებთ იმ დიდ პოტენციალს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს, სხვა დიდ დაწესებულებას გააჩნია. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი სერიოზულად უნდა გადაიხედოს, რათა ჩვენი ურთიერთობები მემორანდუმებში გათვალისწინებულ ობიექტებთან საქმიანი გახდეს და ამასთან გარკვეული სარგებელი აკადემიამაც მიიღოს.
მიგვაჩნია, რომ კარდინალურად უნდა გარდაქმნას საქმიანობა ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭომ. ამ რგოლის მოღვაწეობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს აკადემიის ხელმძღვანელობამ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო მცდელობა, შეგვექმნა გარდაცვლილ აკადემიის წევრთა ოჯახების დახმარების ფონდი. გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროდ ფონდი ვერ შევქმენით. ვფიქრობთ, შესაძლოა საკითხს კიდევ დავუბრუნდეთ და შევეცადოთ გამოვნახოთ საშუალებები ამგვარი რგოლის შესაქმნელად. მისი საჭიროების მტკიცება ზედმეტად მიმაჩნია.
ჩვენი აკადემია ტრადიციული დაწესებულებაა, რომელსაც ღირსება სახელოვანმა მეცნიერებმა – აკადემიის წევრებმა და წევრ-კორესპონდენტებმა მოუტანეს. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ არც ერთი წევრი აკადემიისა, არ დავივიწყოთ არც ერთი ჩვენი წინაპარი. ყოველ მხრივ შევეცადოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ მათი სახელები არ წაიშალოს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენ აღვნიშნავთ აკადემიის წევრების, ე.წ. „მრგვალ თარიღებს”. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა საქილიკო სიტყვაც გაგვაგონეს. ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ ამ ღირსეულ პირთა იუბილეების აღნიშვნა. ამასთან მინდა ვთქვა, რომ არ ვაჭარბებთ მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების ბიოგრაფიის აღნუსხვას. ამ ღონისიძებებში ჩადებულია მთელი დარგის წარმოჩენა, რომელსაც ესა თუ ის მეცნიერი წარმოადგენდა. ვაჩვენებთ იმ მიღწევებს თუ ნაკლოვანებებს, რომელიც დარგს გააჩნია და საკითხები დგება მომავლის პრობლემებზე.

მინდა შეგახსენოთ ჩვენი დიდი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლის ერთი ამონარიდი: „საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობისათვის”.

ვფიქრობ, პატრიარქის ეს შეგონება – ზრუნვა მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის და ზრუნვა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობისადმი – პირდაპირ მოწოდებაა ქართველი საზოგადოებისადმი, რომლის ერთ-ერთი ზეპური წარმომადგენელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართველი აკადემიკოსები, მეცნიერები. მიმაჩნია, რომ სწორედ ქართველმა მეცნიერებმა, აკადემიის წევრებმა უნდა წარმოაჩინონ ქვეყნის ერთგულება, მისდამი პატივისცემა. საჭიროა თვით მეცნიერებაში იყოს ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, არსებითია ჩვენი თანამოაზრება ძირითად ეროვნულ საკითხებში, ურთიერთთანადგომა. მხოლოდ ერთიანობით და ურთიერთსიყვარულით შეგვიძლია წარმატებების მიღწევა.

ბატონებო,
აუცილებლად მიმაჩნია მადლობა ვუთხრა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს ათი წლის მანძილზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ზეობის დროს გაწეული მნიშვნელოვანი შრომისათვის.

მოგახსენებთ, რომ თქვენი მონამორჩილი 35 წელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრია; 1988 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანია; ბოლო ათი წლის მანძილზე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ აკადემია ჩემთვის ორგანულია, უფრო სწორედ მე ვარ მისი ორგანული ნაწილი, ჩემი ოჯახია. კარგად ვიცი მისი ამოცანები, საქმიანობა, აკადემიის ყველა წევრის მიმართ, ხაზს ვუსვამ ყველა წევრის მიმართ, დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი და კეთილი დამოკიდებულება გამაჩნია.

ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი, ანუ აკადემიის ყველა წევრის ერთობლივი საქმიანობით, საერთო პრობლემების ღრმად გააზრებით, ურთიერთპატივისცემით, ერთმანეთის თანამოაზრეობით, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის სიყვარული და მისი სიკეთისათვის სწრაფვა ექნება საფანლად, ჩვენ შევძლებთ ზოგადად ქართული მეცნიერების და კერძოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ღირსების მაღალ დონეზე დაცვას და მივაღწევთ წარმატებას.