ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 19, 2023
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 13 ივნისის სხდომაზე მოხსენებით „ნიადაგის მიკროფლორა და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე“ გამოვიდა პროფესორი ზაურ ლომთათიძე (ილიას უნივერსიტეტის ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის განყოფილება და სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ნიადაგი, მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესებით, ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს ქიმიური შემადგენლობის აქტიური რეგულატორია. ნიადაგში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები კი გამოწვეულია იქ მობინადრე მიკროორგანიზმების მრავალი ფიზიოლოგიური ჯგუფებით (საპროფიტები, მიკროსკოპული სოკოები, აქტინომიცეტები, ნიტრიფიკაციის და დენიტრიფიკაციის ბაქტერიები და სხვა). ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ნიადაგიდან გამოყოფილი CO2-ისა და NO2-ის რაოდენობა, რაც ნიადაგის მიკროორგანიზმთა გარკვეული ფიზიოლოგიური ჯგუფის მიერ ნიადაგში ორგანული ნაერთების ქიმიური ტრანსფორმაციის საბოლოო შედეგია.
ამ მიმართულებით ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ჯგუფების, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი შემადგენლობისა და მიკრობიოლიგიური აქტივობის კვლევა. გარკვეული იქნა, რომ ნიადაგის ტიპი განსაზღვრავს მასში მობინადრე მიკრობულ ცენოზში, მიკროორგანიზმთა ცალკეული ტაქსონის რაოდენობასა და სახეობრივ შემადგენლობას.
ნიადაგის მიკრობული ცენოზი დინამიურია, მის ასოციაციაში მიკროორგანიზმთა ცალკეული ტაქსონის რაოდენობა და სახეობრივი შემადგენლობა, უმთავრესად, დამოკიდებულია რიგ ფიზიკა-ქიმიური ფაქტორის ცვლილებასა (ნიადაგის pH, მარილიანობა, ტენი, წნევა, ტემპერატურა და სხვ.) და ანტროპოგენურ დატვირთვაზე (ატმოსფეროს დამბინძურებლები, სასუქები, მცენარის დაცვის საშუალებები, ქსენობიოტიკები, ხელოვნური წყალსაცავები და სხვ.).
ნიადაგში ფიზიკა-ქიმიური ფაქტორების ცვლილება იწვევს მასში მიკროორგანიზმთა ზოგიერთი ტაქსონის არაბუნებრივ დომინანტურ მდგომარეობას, ბიოქიმიური პროცესების ერთფეროვნებას და აქედან გამომდინარე, ნიადაგის მიკრობიოლოგიურ აქტივობის ცვალებადობას, რასაც თან ახლავს ნიადაგიდან ნახშირბადის და აზოტის ჟანგეულების ატმოსფეროში გამოყოფის ინტენსიობის ზრდა და გარკვეულ წილად კლიმატის ცვლილებაზე გავლენა.
სხდომის დასასრულს მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ცენტრის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები: თინათინ სადუნიშვილი, რამაზ ხუროძე, რამაზ ხეცურიანი, პროფესორი გია არაბიძე. მოხსენება და საპროექტო ჯგუფის მიერ ჩატარებული მუშაობა დადებითად შეფასდა. დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სხდომამ დაამტკიცა დადგენილება.