აკადემიკოს ომარ გოგიაშვილის მოხსენება
- ივლისი 17, 2023
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების მიერ 2023 წლის 12 ივლისს სამეცნიერო სხდომა გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის დაბადების 186 წლისთავს მიეძღვნა.
სხდომა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ გახსნა. შესავალი სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები და შემოქმედება განიხილა. მან აღნიშნა, რომ ილიას მოღვაწეობის ეს ორი მხარე, ერთმანეთს ავსებს და ისაუბრა მის უდიდეს ღვაწლზე, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავისი საქმიანობით, ქართული მეცნიერების წინსვლას მიუძღვნა, განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორიის შესწავლას ეკონომიკური თვალსაზრისით.
მომხსენებლმა, აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა, თავის უაღრესად საინტერესო მოხსენებაში ორი ასპექტი განიხილა: ილია ჭავჭავაძის სლოგანის – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ ინტერპრეტაცია და ასევე, ილია ჭავჭავაძე როგორც პოლიტოლოგი.
ბატონმა ომარ გოგიაშვილმა განიხილა თავისუფლების საკითხი ილიას შემოქმედებაში და ასევე, წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ხედვა საქართველოს პოლიტიკური მოწყობისათვის, თუ რომელ მოდელს ანიჭებდა იგი უპირატესობას.
სხდომა მოხსენების განხილვით დასრულდა.