ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია
- სექტემბერი 27, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც IAEA-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე დელეგატია. კონფერენციას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფოთა დელეგატებმა სააგენტოს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აირჩიეს, რომელმაც სააგენტოს ოთხი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. მან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა ბირთვული ენერგიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ბირთვული ტექნოლოგიის მნიშვნელობას პლასტიკით დაბინძურების შემცირებაში. სააგენტო გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ საერთო მიზნისთვის, რაც 70 წლის წინ შექმნის დროს დაისახა – ატომური ენერგია მშვიდობისა და განვითარებისათვის. გროსის განცხადებით, IAEA არის მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი. მხოლოდ 2022 წელს სააგენტო 149 ქვეყანას სურსათის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში დაეხმარა.
კონფერენციაზე საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი მხარს უჭერს სააგენტოს, ბირთვული გაუვრცელებლობის ინსტრუმენტების გაძლიერებაში, უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე მუდმივი წარმომადგენლობის გაგრძელებასა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, განსაკუთრებით ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.