განცხადება
- ოქტომბერი 10, 2023
შეძრწუნებულები ვართ ისრაელის სახელმწიფოზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე არანახული მასშტაბის ტერორისტული თავდასხმით. ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ტერორისტები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დახოცეს ქალები და ბავშვები, მძევლად აიყვანეს ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით რაკეტა ესროლეს ისრაელის სამოქალაქო დასახლებებს.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ფანატიზმი და ტერორიზმი – ბნელი ძალა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს მთელ კაცობრიობას. ფანატიკოსებს და ტერორისტებს არ გააჩნიათ ეროვნება და სარწმუნოება და მათ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს.
ჩვენს დროში ტერორისტებისათვის მისაწვდომი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიები და სამხედრო იარაღი. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ტერორისტების მცირერიცხოვან ჯგუფებს შეუძლიათ უდიდესი ზარალისა და მსხვერპლის მომტანი ტერაქტების მოწყობა, მასშტაბური საომარი მოქმედების წამოწყება. სულ უფრო რეალური ხდება საფრთხე, რომ ტერორისტული ორგანიზაციები დაეუფლებიან ბირთვულ იარაღს, რამაც საერთაშორისო კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა. აშკარაა, რომ ტერორიზმი გადაიქცა იმ მასშტაბის საფრთხედ, რომელთანაც გამკლავება მხოლოდ მთელი კაცობრიობის პროგრესული ნაწილის ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ქართველი მეცნიერები ვგმობთ ისრაელის სახელმწიფოზე და მოქალაქეებზე ტერორისტების მასობრივ თავდასხმას; მიგვაჩნია, რომ ეს დიდი დანაშაულია მშვიდობისა და კაცობრიობის წინაშე. თანავუგრძნობთ ისრაელის ხალხს და სახელმწიფოს და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს, ისრაელის მეცნიერებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია