პრეზიდიუმის სხდომა
- ოქტომბერი 30, 2023
2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ანთიმოზ ივერიელი – ადრეული მოდერნის პარადიგმები და განმანათლებლობის დიალექტიკა“ წარსდგა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ბრაჭული.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ანთიმოზ ივერიელი, როგორც ადრეული მოდერნის ევროპული პარადიგმის ერთ-ერთი ქტიტორი ბალკანეთსა და საქართველოში, მისი მრავალმხრივი მემკვიდრეობა, მოითხოვს კონცეპტუალური პერსონაჟის სახით გააზრებას, „ანთიმოლოგიური შტუდიების“, – კვლევის ახალი
მიმართულების ფორმირებას, ევროპული და აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ამ მნიშვნელოვანი განმანათლებლის თანამედროვეობაში რეპრეზენტაციის მიზნით. შესაბამისი კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობს საკვლევ ტექსტებსა და მოვლენებში ისეთი პლასტებისა და საზრისული წარმონაქმნების გაშუქებას,
რომლებიც მხოლოდ ისტორიული განვითარების სპეციფიკურ კონტექსტში, ან მომავლის ჰორიზონტში შეიძლება გამოვლინდნენ.
წმ. ანთიმის საკუთარ სახელდებაში “IVERIANUL” კოდირებულია ბალკანეთსა და კავკასიის იბერიაში ქრისტიანული სამყაროს ფორპოსტების იდეა, რომელიც თავის მხრივ, „ საწყისთა პრესტიჟის“ ცნებას ემყრება. მნიშვნელოვან საინტერპრეტაციო პერსპექტივას შეიცავს ანთიმისეული „მონასტრის ტიპიკონი“ და მისი ქადაგებების მთავარი ორიენტირები-„ განათლება და თავისუფლება“.