ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 6, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურსის“ და სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების ასოციაციის თაოსნობით, პირველად საქართველოს სამეცნიერო კინოს ისტორიაში, ჩატარდა ,,სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოსადმი“ მიძღვნილი კონფერენცია – ,,მეცნიერება, კულტურა, საზოგადოება; სამეცნიერო-პოპულარული კინემატოგრაფი გუშინ, დღეს, ხვალ; პრობლემები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიის წევრები, სამეცნიერო და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები. გამომსვლელებმა ისაუბრეს სამეცნიერო-პოპულარული კინოს დანიშნულებაზე და მნიშვნელობაზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში, მის ისტორიასა და განვითარების პერსპექტივაზე; განიხილეს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების ასოციაციაციისა და სტუდია ,,რაკურსის“ მიერ, ადრე წარმოდგენილი ,,სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განვითარების“ კონცეფცია, რომელმაც დადებითი შეფასება დაიმსახურა. კონფერენციაზე ასევე განხილულ იქნა, კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო-პოპულარული კინოსტუდია ,,რაკურსის“ დღევანდელი მდგომარეობა, მისი პრობლემები და პერსპექტივა.
კონფერენციამ, აღნიშნული საკითხების განხილვის შემდგომ მიიღო სპეციალური მიმართვა და თხოვნით მიმართა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რომ ხელი შეუწყონ საქართველოში სამეცნიერო კინომატოგრაფიული დარგის განვითარების პროცესებს და გაუწიონ საჭირო დახმარება.