„ასტროფიზიკური და საინჟინრო არაერთგვაროვანი დინებების ტურბულენტობის სპეციფიკა და გამოვლენები“
- ნოემბერი 6, 2023
მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ასტროფიზიკური და საინჟინრო არაერთგვაროვანი დინებების ტურბულენტობის სპეციფიკა და გამოვლენები“ წარსდგა აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი.
მომხსენებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ ასტროფიზიკური ობიექტების უმრავლესობის აქტივობის განმაპირობებელი ფაქტორი არაერთგვაროვანი (წანაცვლებითი) დინებაა. ამდენად, არაერთგვაროვანი სიჩქარის მქონე დინებებში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ სამყაროს მრავალფეროვნებას. ბუნებრივი არაერთგვაროვანი დინებების მაგალითებია სხვადასხვა მასშტაბოვანი ასტროფიზიკური დისკოები (დაწყებული აქტიური გალაქტიკების ბირთვებიდან და დამთავრებული პროტოპლანეტური დისკოებით), ასტროფოზიკური დინებებიდან ამოტყორცნილი ნაწილაკთა ნაკადები – ასტროფიზიკური ჯეტები, მზის ქარი, დედამიწის ატმოსფერო და ოკეანეები და, ასევე, დედამიწის თხევადი გული. ასევე, საინჟინრო დინებების უმრავლესობის ფიზიკა განისაზღვრება მათი სიჩქარის არაერთგვაროვნებით. არაერთგვაროვანი (წანაცვლებითი) დინებების ძირითადი მახასიათებელია მათში ფორმირებული ტურბულენტობა, რომელიც განსაზღვრავს ამ ობიექტების დინამიკას და გამოვლენებს. მოხსენებაში დახასიათებულ იქნა ასტროფიზიკური დინებების ტურბულენტობის სპეციფიკა და შედეგად ჩამოყალიბებული სამყაროს მრავალფეროვნება – გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები.
საინჟინრო არაერთგვაროვანი დინებების ტურბულენტობა ჰქმნის მრავალ პრობლემას და, ამასთანავე, განაპირობებს ენერგიის დიდ ხარჯვას, მაგალითად, თვითმფრინავების, გემებისა და მანქანების მოძრაობის დროს; მილებში გაზისა და სითხის მოძრაობის დროს. ამ დარგში მომუშავე მეცნიერთა ძალისხმევა მიმართულია ტურბულენტობის ინტესივობის შესამცირებლად საინჟინრო დინებებში, რათა ყოველწლიურად დაზოგილ იქნას ათობით და ასობით მილიარდი დოლარი. მოხსენებაში გაანალიზებულ იქნა მეცნიერთა ძალისხმევა საინჟინრო დინებებში ტურბულენტობის კონტროლისათვის. მოხსენების ბოლოს, წარმოდგენილ იქნა ტურბულენტობის/ქაოსის კონცეფციის მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობა.