ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ნოემბერი 28, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მოხსენება: “თოვლის ზვავების რეგულირების ინოვაციური ღონისძიება’’.
სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები და მოწვეული სტუმრები.
მოხსენება ეხებოდა საქართველოს ყველაზე სენსიტიური ობიექტის საქართველოს სამხედრო გზისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის თოვლის ზვავებისაგან დაცვის უსაფრთხოებას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევები განხორიელებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი ინოვაციური საგრანტო პროექტის CARYS-19-305 ფარგლებში.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხსენებელმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კვლევები კვლავაც გაგრძელდება.