შეხვედრა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებთან
- ნოემბერი 28, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, საქმიანი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ესტუმრნენ Deutsche Forschungsgemeinschaft-ის (DFG, გერმანიის კვლევითი ფონდი) დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დოქტორ იორგ შნეიდერისა და ტობიას შტუდემანის შემადგენლობით.
შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც სტუმრებს გააცნო აკადემიის ისტორია მისი დაარსების დღიდან დღევანდლამდე, ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებსა და მის წევრებზე. მან აღნიშნა, რომ ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და ა. შ. ერთ-ერთ პირველ ადგილას მოიაზრება გერმანიის სახელმწიფო. ურთიერთობა გამოიხატება საერთო პროექტების განხორციელებაში, მეცნიერთა და სტუდენტების გაცვლასა და ა. შ.
სტუმრებმა თავიანთი ფონდის უკეთ გაცნობის მიზნით წარმოადგინეს ონლაინ-პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, DFG ცენტრალური თვითმართვადი კვლევითი საფინანსო ორგანიზაციაა გერმანიაში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში, რომელიც 1920 წელს დაარსდა. იგი ემსახურება მეცნიერებას (მათ შორის ჰუმანიტარულ მეცნიერებებს) და ხელს უწყობს კვლევის განვითარებას უმაღლეს დონეზე უნივერსიტეტებსა და არასაუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუციებში. მეტიც, DFG ზრუნავს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერთობლივი სამუშაო შეხვედრის გამართვა პარტნიორ ორგანიზაციასთან – შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან.
როგორც სტუმრებმა თავიანთ გამოსვლაში აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვლევით ორგანიზაციაში ვიზიტი და ინფორმაციის გაცვლა.
გერმანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი სამომავლო გეგმაა აკადემიასთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეხვედრის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, რამაზ ხუროძე, გიორგი კვესიტაძე, თამაზ ჭელიძე და სხვ.