მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია
- დეკემბერი 28, 2023
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში.
საქართველოს მეცნიერებათა როვნული აკადემიის პრეზიდიუმის 27 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილის (მუსხელი), სახელობის აკადემიური პრემიის დაწესება.
მიხეილ მუსხელიშვილი (მუსხელი) იყო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, საუნივერსიტეტო ფედერალისტთა კავშირის თანადამფუძნებელი, კაიროს და სტრასბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი.
მიხეილ მუსხელიშვილმა 1959 წელს, სტრასბურგში დააარსა „მუსხელის ცენტრი“ („საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრი“), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მან გასტონ სტეფანთან ერთად წამოაყენა ერთიანი ევროპის იდეა და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ფედერალური ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეას მრავალი ნაშრომი მიუძღვნა. მიხეილ მუსხელიშვილის (მუსხელი) აზრით, „ევროპელობა განისაზღვრება არა გეოგრაფიით, არა რასით, არა ენით და არა წეს-ჩვეულებებით, არამედ მისი სულის გარკვეული თვისებებით. დასავლური ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, საქართველო ევროპის შემადგენლობაში იყო; რუსეთის ანექსიამდე, მისი მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიმართული, ამიტომ დადგა დრო, რომ ქართველებმა გააცნობიერონ თავიანთი ევროპული იდენტობა“.