აკაკი სურგულაძე – 110
- დეკემბერი 29, 2023
არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ გარშემომყოფთა შორის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ, სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი შრომის, წიგნისა თუ მონოგრაფიის ავტორი აკაკი სურგულაძე.
ბატონი აკაკის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა საგანგებო სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საიტორიო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული.
სხდომა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, ხოლო შემდეგ, გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები: ოთარ ჯანელიძე, დიმიტრი შველიძე, ოთარ ჟორდანია, ნინო ჩიქოვანი, ნათელა ვაჩნაძე, დავით დარჩიაშვილი, აკადემიკოსი ომარ გოგიაშვილი და აკაკი სურგულაძის შვილი – პაატა სურგულაძე.
იუბილის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ბატონი აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ხოლო სხდომის დასასრულს, გაფორმდა ხელშეკრულება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი სურგულაძის ოჯახს შორის, მეცნიერის ბიბლიოთეკის და არქივის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის გადაცემის თაობაზე.