აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ხელმძღვანელობს
- იანვარი 28, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ხელმძღვანელობს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის და საფრთხეების შემცირების საკითხებში საქართველოს მხარდაჭერის საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა. გაიმართა დისკუსია საქართველოს გამოწვევებზე, ამ მიმართულებით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.