აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია
- თებერვალი 11, 2024
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია შესავალი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა. შემდეგ სიტყვა დაეთმო აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ნანა ხაზარაძის ღვაწლი და მოღვაწეობა, როგორც აკადემიაში, ისე ტექნიკურ უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ ნანა ხაზარაძე წლების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში და მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა. ქალბატონი ნანა გახლდათ მრავალი მონოგრაფიის, წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ამავდროულად, სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და რეცენზენტი. 2017 წელს მას მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საპატიო სიგელი საზოგადოების და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ; ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა თამარ დრაგაძემ; კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ლეჟავამ; სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნიკო ჯავახიშვილმა და ალექსანდრე დაუშვილმა. ასევე, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერმა, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ სამ სექციად ჩატარდა, სადაც განსახილველად წარმოდგენილი იყო 60-მდე ნაშრომი. ღონისძიების დასასრულს, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან გაბრუაშვილმა სტუ არქეოლოგიის დეპარტამენტის წიაღში მომზადებული წიგნისთვის – „ქალი დროსა და სივრცეში“ და სამეცნიერო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, მეცნიერ ქალებს – აკადემიკოს ლია მელიქიშვილს, ნანა ბახსოლიანს, დარეჯან ცუცქირიძეს და თამარ ხოხობაშვილს მადლობის სიგელები გადასცა.