ყაზახეთის ელჩის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში
- თებერვალი 11, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფელებიან ელჩთან მალიკ მურზალინთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ახმეტელი და მეცნიერებათა დოქტორი ივანე მენთეშაშვილი.
შეხვედრაზე ბატონმა მალიკმა ვრცლად ისაუბრა თავისი ქვეყნის კულტურასა და მეცნიერებათა აკადემიაზე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. იგი ასევე დაინტერესდა ყივჩაღების ისტორიით, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღო აკადემიის პრეზიდენტისგან. ბატონი როინის თქმით, საქართველოში ყივჩაღები ჯერ კიდევ XII საუკუნეში, მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ჩამოსახლდნენ და საქართველოს ნაწილი გახდნენ. მაშინ, თითოეულ ოჯახს ევალებოდა ერთი მეომრის წარდგენა ქვეყნისთვის საბრძოლველად. ამანაც განაპირობა იმ პერიოდში ქვეყნის ძლევამოსილება. შეხვედრის მიმდინარეობისას ბატონმა როინმა ყაზახეთის ელჩს თავისი ავტორობით გამოცემული წიგნები: „ყივჩაღთა ისტორია“, ქართლის ცხოვრება“ და „ბაგრატიონები“ საჩუქრად გადასცა.
ყაზახეთის ელჩმა მალიკ მურზალინმა მზაობა გამოთქვა, რომ სამომავლოდ ყაზახეთისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.