ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 12, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის – პეტრე ბერაიას მოხსენება თემაზე: ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი გარდამავალ და დამოუკიდებლობის პერიოდში” (წიგნის პრეზენტაცია).
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა. აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ავთანდილ არაბული, რამაზ ხეცურიანი, ვლადიმერ ციციშვილი, ლევან ჯაფარიძე, გია ჯაფარიძე, თამაზ შილაკაძე, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.
მოხსენებაში განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარების რეტროსპექტიული ანალიზი რეფორმამდელ პერიოდში და ამის საფუძველზე არსებული პრობლემების საერთო ფონის წარმოჩენა; საზღვაო ტრანსპორტის ტვირთბრუნვისა და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და შეფასება.
დახასიათებულ იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ამოსავალი ბაზა, მისი ანალიზი და შეფასება; საზღვაო დარგის რესტრუქტურიზაციისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები და პერსპექტივები.
განხილულ იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაციისა და მართვის, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების და მიმართულებების ღონისძიებების შემუშავება, საზღვაო ტრანსპორტის, ნავსადგურების, ფლოტის საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციულ-ტექნიკური მდგომარეობა, განვითარების პერსპექტივები, მიმართულებები, მათი საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლები.