საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის სხდომა
- თებერვალი 19, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: კვლევა ძველი ადამიანის საზოგადოებების, ეკოსისტემების და ადამიანის მოსახლეობის გენეტიკის შესახებ“, წარსდგა ალექსანდრე გავაშელიშვილი. მოხსენება ეხებოდა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერებისა და გენეტიკის მულტიდისციპლინური, კომპლექსური შესწავლის საინტერესო თემებს.
ამ თემაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა დიდძალი ლიტერატურული მასალა და, ასევე, ორიგინალური კვლევების შედეგებიც. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა სამეცნიერო ნაშრომი. აღინიშნა მულტიდსიციპლინური და საერთაშორისო სტანდარტების მეთოდოლოგიური მიდგომის გამოყენების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევის გზაზე.
გამოთქმულ იქნა რიგი შენიშვნებისა და რეკომენდაციებისა, რომელიც შეეხებოდა გამოყენებული მასალის სანდოობისა და საექსპერტო შეფასების პრობლემას, რაც გადამწყვეტია მიღებული შედეგების ობიექტურობაში დასარწმუნებლად.
დაისახა სამომავლო გეგმები და აღინიშნა პოპულაციური გენეტიკისა და არქეოგენეტიკის სფეროში გამოყენებული ტერმინების ქართული შესატყვისების მოძიებისა და შექმნის აუცილებლობა.
აღნიშნული კომისია (თავმჯდომარე – აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, სწავლული მდივანი – აკადემიკოსი რამაზ შენგელია) აგრძელებს სამეცნიერო და საორგანიზაციო-მაკოორდინირებელ საქმიანობას. დაიბეჭდა არაერთი სტატია პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის პოპულაციური გენეტიკისა და ეთნოგენეზის შესახებ.