ინტერვიუ გამოჩენილ ქალბატონ მეცნიერებთან

ინტერვიუ გამოჩენილ ქალბატონ მეცნიერებთან

  • თებერვალი 21, 2024

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წლის 22 დეკემბერს „გაეროს“ გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. საქართველოს მართლაც არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი ჰყავს, რომლებმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელეს.  მათი ფასდაუდებელი შრომა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილი ჩვენი ხელისუფლების მიერ სათანადოდ არის დაფასებული. ჯერ კიდევ 1921 წლიდან სათავეს იღებს ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა საქართველოს ქალთა საბჭო (მისი ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორია ქალბატონი ქეთევან გაბრუაშვილი). ის დღესაც  ახორციელებს თავის მისიას და ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებათა აკადემიასთან.  2019 წლიდან საბჭო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალების თანასწორი განვითარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ქალ მეცნიერთა ხელშეწყობისა და მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების შეთავაზების მიმართულებით“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

დღეისთვის კი გვინდა წარმოგიდგინოთ მეცნიერებათა აკადემიის გამოჩენილი მეცნიერი ქალბატონები – ბიოლოგი, აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოსი, ფილოლოგი,  თბილისის ბაირონის სკოლის დამფუძნებელი, ბაირონისა და გალაკტიონის უბადლო მთარგმნელი, „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარი ინესა მერაბიშვილი. ჩვენ მათ მხოლოდ ორი შეკითხვა დავუსვით: თუ  რა მიღწევებით ხვდებიან ისინი ქალ მეცნიერთა დღეს და როგორი სამომავლო, სამეცნიერო გეგმები აქვთ.

აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი: “ მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღე“ დაწესდა ქალებისა და გოგონების მნიშვნელოვანი როლის აღსანიშნავად, რასაც ისინი ასრულებენ მეცნიერებაში. ამ დღის მიზანია ხელშეწყობა მეტი გოგონა და ქალის ჩართვისათვის მეცნიერებაში, ზრუნვა მათთვის  თანასწორუფლებიანი სამუშაო გარემოს შექმის, მათი შრომის დაფასებისა და აღიარებისათვის.   არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა მეცნიერების სხვადასხვა დარგში,   ქალებს ეკუთვნით. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ჩემი სპეციალობით რომ ვისაუბრო, მისი განვითარების დღევანდელი დონე სრულიად წარმოუდგენელია ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატ მარი სკლადოვსკა-კიურის აღმოჩენების გარეშე; მისი მოწაფის, ბრიტანელი როზალინ ფრანკლინის კვლევების გარეშე, რისი შედეგიცააა დნმ-ის მოლეკულის რენტგენის დიფრაქციული იმიჯი, ცნობილი „სურათი 51”, რომლის საფუძველზეც დადგენილ იქნა სიცოცხლის მოლეკულის სტრუქტურა. სამწუხაროდ როზალინი სიმსივნით დაავადდა და გარდაიცვალა აღიარების გარეშე. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობისას ის იყო გარკვეული გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი. დნმ-ის სტრუქტურის დადგენამ განაპირობა მრავალი ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის სწრაფი პროგრესი, როგორიცაა მოლეკულური ბიოლოგია, გენომიკა და პროტეომიკა, ბიომოლეკულური ინჟინერია, ბიოინფორმატიკა და სხვ. შედეგი – თანამედროვე ბიოტექნოლოგიები, მოლეკულური დიაგნოსტირების მეთოდები, ადამიანის გენომის გაშიფრვა და მასზე დაფუძნებული პერსონალური მედიცინა, გენური თერაპია, გენომის რედაქტირების კრისპერ ტექნოლოგიები და მრავალი სხვა.  ჩემს ლაბორატორიაში, რომელიც ქალი მეცნიერებითაა დაკომპლექტებული ამჟამად ვიკვლევთ ბაქტერიებსა და მათ ვირუსებს და კვლევაში ვიყენებთ ზოგიერთ ზემოთ აღნიშნულ მეთოდს, როგორიცაა მაგალითად ბაქტერიების დეტექცია, მოლეკულური იდენტიფიკაცია, გენოტიპირება, მათ შორის კრისპერ გენოტიპირება და სხვა.   მნიშვნელოვანი მიღწევებიც გვაქვს. მაგალითად, პირველად იქნა გამოკვლეული  საქართველოში კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევი პათოგენის Cms გენოტიპური მრავალფეროვნება, მისი სპეციფიკური ვირუსები; პირველად აღმოვაჩინეთ  ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრის გამომწვევი პათოგენის Erwinia amylovora  2 ახალი კრისპერ გენოტიპი, პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის გამომწვევი პათოგენის ვირუსი, რომელიც წარდგენილია ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტში, როგორც ახალი გვარის წარმომადგენელი და სხვ. ეს კვლევები მნიშვნელოვანია მათი სპეციფიკური და ეფექტური გარემოსადმი უვნებელი, კონტროლის მეთოდების შესამუშავებლად. ერთ ასეთ მეთოდზე მიღებული გვაქვს პატენტი. ფუნდამენტური კვლევების მნიშვნელოვანი შედეგები დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებში.

აღვნიშნავ ასევე ჩვენი ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის  (ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი ლალი ქუთათელაძე) და პროკარიოტებისა და საფუვრების  ლაბორატორიის (ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი ნინო გაგელიძე) ქალ მეცნიერთა მიღწევებს მიკროორგანიზმების ბიოსინთეზური და ბიოდეგრადაციული თვისებების შესწავლაში, რის საფუძველზეც დამუშავებულია  სამრეწველო, ბიოკონვერსიის, დეკონტამინაციის და რემედიაციის რამოდენიმე ათეული ბიოტექნოლოგია.

საქართველოში ბევრი წარმატებული ქალი და გოგონა მეცნიერი მოღვაწეობს. არ მოიძებნება მეცნიერების დარგი, რომელშიც ქართველ ქალებს არ ჰქონოდეთ მნიშვნელოვანი მიღწევები – მაგალითად, ისევ ჩემს და მონათესავე დარგებში სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სხვა ინსტიტუტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრში, ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და სხვ.   ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალებს და გოგონებს მეტი ხელშეწყობა, წარმოჩენა და აღიარება სჭირდებათ. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, მათ შორის გოგონების დაინტერესებისა და მოტივაციისათვის იმ რთულ გზაზე, რასაც მეცნიერებაში მოღვაწეობა ჰქვია.

წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალსა და გოგონას მეცნიერებაში და მივესალმები ამ დღის აღნიშვნას ყველა დონეზე, რადგან ეს გახლავთ მათი შრომის დაფასებისა და აღიარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს, ბიომრავალფეროვანი  ქვეყნის მიკრობული მრავალფეროვნების შესწავლაზე. ფიტოპათოგენების გენოტიპირებაზე, რაც მნიშვნელოვანია დაავადების ეპიდემიოლოგიის, პრევენციისა და კონტროლის ეფექტური, გარემოსადმი უვნებელი მეთოდების შესამუშავებლად. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ეროვნული კატეგორიის ძეგლის,  ქართული ხორბლის, მისი ენდემური სახეობების  ცილური სპექტრის,  ამინომჟავური შემადგენლობის შესწავლის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფქვილის ფუნქციურ თვისებებს და კვებით ღირებულებას.

აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი: „პირველ ყოვლისა, ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს მეცნიერ ქალბატონებს. მეცნიერების სამსახური – ეს ურთულესი გზაა! თუ ამ გზას დაადექი, ეს უკვე დასაფასებელია. საქართველოში ბევრი ქალბატონი დგას მეცნიერების განვითარების სადავეებთან. რამდენიმე მათგანის დასახელებაც ფრიად შთამბეჭდავია, მაგალითად  – ნინო ჯავახიშვილი, თამარ დეკანოსიძე და მარიამ ლორთქიფანიძე. მართალია, ისინი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან, მაგრამ მათი მეცნიერული ღირებულება კვლავ აქტიურად მუშაობს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა მათ პიროვნულ ღირებულებას, მითუმეტეს, რომ მქონდა მათთან პირადი ურთიერთობის ბედნიერება. უცხოელ მეცნიერთა შორის გამოვყოფ ერთ მნიშვნელოვან ქალბატონს XIX საუკუნიდან, რომლის ოჯახის ისტორიას ვიცნობ მისი შორეული წინაპრებიდან მოყოლებული დღევანდელი შთამომავლების ჩათვლით. ეს გახლავთ ლორდ ბაირონის ქალიშვილი ადა ბაირონი, რომელიც უმთავრესად ცნობილია მისი მეუღლის გვარით, როგორც გრაფინია ადა  ლავლეისი. თუ ლორდ ბაირონის პოეტური შემოქმედებით დაეშვა რომანტიზმის ფარდა, მათემატიკოსი ადა ლავლეისის ღვაწლით აიხადა ტექნოლოგიის განვითარების ახალი ფარდა, რადგან ადა ლავლეისმა შექმნა პირველი გამოთვლითი მანქანა და ის იქცა პირველ პროგრამისტად. ამდენად, უკვე ნათელია, რაოდენ დიდი ზემოქმედება იქონია ერთი მშვენიერი ქალბატონის მეცნიერულმა მიღწევამ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ადა ლავლეისი, სამი შვილის დედა, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავუბრუნდეთ ისევ მეცნიერ ქალბატონთა დღეს და ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტს: რატომ დასჭირდა კაცობრიობას მეცნიერ ქალთა დღის დაწესება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მეცნიერთა საერთაშორისო დღე, რომელიც ნოემბერში აღინიშნება? ეს, პირველ ყოვლისა, ხაზს უსვამს ქალისადმი პატივისცემასა და თაყვანისცემას, ხოლო მეორე მხრივ – იმ ფაქტს, რომ ქალი გვიან გამოვიდა ამ ასპარეზზე და მას მხარდაჭერა სჭირდება, რადგან რაოდენობრივად მეცნიერი ქალი მაინც უმცირესობაშია.  ამის მაგალითად ისევ ინგლისელ ქალბატონს დავასახელებ, რომლის ღვაწლი ქართული კულტურის აღიარების საქმეში ფასდაუდებელია. ეს გახლავთ მარჯორი ვორდროპი, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ინგლისურენოვანი მთარგმნელი, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი არ მოუპოვებია და მაშინდელი ბრიტანული საგანმანათლებლო მდგომარეობის შედეგად არც უნივერსიტეტში უსწავლია. მაგრამ მარჯორი ვორდროპმა გაუსწრო დროს და მაშინდელ რუსთველოლოგიურ მიღწევათა კვალობაზე იკვლია „ვეფხისტყაოსანი“. ამავდროულად, საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა და სრულად თარგმნა პოემა. მის მიერ შესრულებული თარგმანი ადეკვატური ინტერპრეტაციის თვალსაზრისით დღესაც პირველობას არავის უთმობს. როდესაც ბრიტანეთმა ქალი უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად დაუშვა, მშობლებმა მარჯორი უნივერსიტეტში არ გაუშვეს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს გახლდათ ის პროგრესული ოჯახი, რომელმაც სამყაროს ოლივერ და მარჯორი ვორდროპები მისცა. ამდენად, მეცნიერ ქალებს მუდმივი მხარდაჭერა და გამოვლინება კიდევ დიდხანს დასჭირდებათ. ეს კი მხოლოდ ერთი პირობითაა შესაძლებელი: მეცნიერება ერთიანად ქვეყნისათვის პრიორიტეტად უნდა იქცეს, რადგან, როგორც უკვე ნათქვამია, თუ ქვეყანაში მეცნიერება განვითარებული არ არის, ეს ქვეყანა კოლონიად გადაიქცევა. საქართველო არტისტიზმითა და პოეტური ნიჭიერებით გამორჩეული ქვეყანაა და ქართველმა გენიოსმა პოეტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოეტმა-აკადემიკოსმა, გალაკტიონ ტაბიძემ მაღალი მეცნიერული მიღწევები პოეტურ ზეშთაგონებას შეადარა: „მეცნიერება, როდესაც მას თან ახლავს ვნება, თანაბრად არის პოეზიის ზეშთაგონება“.

ახლა, რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს: მიუხედავად იმისა, რომ ვარ ანგლისტი და საზოგადოება მიცნობს როგორც ლორდ ბაირონის შემოქმედების მკვლევარსა და მთარგმნელს, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვის გამო მე ყურადღება მივაპყარი ჯერ გალაკტიონს, ხოლო ბოლო წლებში რუსთველს. გენიოს პოეტთა კვლევაში, ლიტერატურული პროცესების პარალელურად, დიდ დახმარებას მიწევს ლინგვისტური ცოდნა და ის მიგნებები, რომლითაც აღინიშნება ენათმეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა ტექსტის ლინგვისტიკა, სტილისტიკა, სემასიოლოგია და სხვ. ამ შემთხვევაში საკუთარ მიგნებებსაც ვგულისხმობ, რაც აისახა ჩემს საერთაშორისო ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში და თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციის თემატიკაში, რომელიც მიეძღვნა ახალი სემანტიკური სამკუთხედის დადგენასა და წარდგენას ლინგვისტური სამყაროსთვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე რუსთველოლოგიის პასუხგაუცემელ საკითხებს ვუძღვნიდი ლექციებსა და პუბლიკაციებს, რასაც დღესაც ვაგრძელებ და, იმედია, ეს ახალ მონოგრაფიაში აისახება. მიმდინარე წელს შესრულდება 65 წელი გალაკტიონის გარდაცვალებიდან. ბუნებრივია, ამ თარიღისადმი უყურადღებოდ არ დავრჩები.

მიმდინარე წელს ასევე სრულდება 200 წელი ბაირონის გარდაცვალებიდან. ამ დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ათენში გაიმართება, რადგან ბაირონმა სიცოცხლე საბერძნეთს შესწირა. ამ ფორუმზე მე მოხსენებით წარვსდგები. მალე ლონდონში დაიბეჭდება ჩემი სტატია, რომელიც სრულიად ახალ ხედვას სთავაზობს ბაირონოლოგიას: ეს გახლავთ რიცხვების მისტიციზმი ბაირონის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ეს პუბლიკაცია მთლად მოულოდნელი არ იქნება საერთაშორისო სამყაროსთვის, რადგან ამ თემაზე უკვე მქონდა მოხსენება საერთაშორისო ფორუმზე და დაინტერესების შედეგად მომდევნო წელს მიმიწვიეს საჯარო ლექციით ლონდონში. გასულ წელს ლონდონის ერთ-ერთმა ცნობილმა გამომცემლობამ შემომთავაზა იქ დავსტამბო ჩემი ინგლისურენოვანი მონოგრაფია, რომელიც ბაირონისა და საქართველოს კვლევას ეძღვნება. იმედია, წელს ამას განვახორციელებ. ნებისმიერი მეცნიერისათვის წარმატების პირობად მაინც რჩემა მშვიდობა და სტაბილურობა მის ქვეყანაში. ჩემს მომავალ გეგმებში იმასაც ვგულისხმობთ რომ ჩვენ ეს მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ აუცილებლად დემოკრატიულ ღირებულებათა უკეთ განვითარების ფონზე“.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი