ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- თებერვალი 27, 2024
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წწ. ,,მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, დამუშავებულ იქნა პროექტი ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – წარსდგა აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი. ამ თემის განხილვა განსაკუთრებით აქტუალურია ყველასათვის ცნობილი შოვის ტრაგედიის შემდგომ.
განხილულ იქნა შემდეგი სახის მეცნიერული შედეგები: მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება კრიტიკული მდგომარეობისა და რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის გამოყენებით; ღვარცოფების კონტროლი ინოვაციური ღვარცოფსაწინააღმდეგო ელასტიკური ბარაჟით; ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები; თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქცია და მისი გამოყენება პრაქტიკაში; ქალაქ ყვარლის მოსახლეობის უსაფრთხოება წყალდიდობებისა და ღვარცოფებისაგან, ასევე, სოფელ ჯვარბოსლის (მთათუშეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობის უსაფრთხოება ეროზიულ-ღვარცოფული პროცესებისგან და ქალაქ თელავის მოსახლეობის უსაფრთხოება წყალდიდობებისა და ღვარცოფებისაგან.
აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, მდინარე მლეთის წყალშემკრებ აუზში აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობა, რომელმაც მლეთის წმ. გიორგის ეკლესიაზე უნდა შეასუსტოს სტიქიის მოქმედების რისკები. ასევე საქართველოს სამხედრო გზის კობი-გუდაურის ალპურ ზონაში, თოვლის ზვავების წარმოშობის ადგილზე მსოფლიო ბანკის დახმარებით, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული ქნა თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური ნაგებობა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე შეამცირებს თოვლის ზვავების დამანგრეველი მოქმედებების რისკებს.
„პრიორიტეტული მიმართულება უნდა მიენიჭოს ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიცაა – სტეფანწმინდა, ყვარელი, თელავი და ახმეტის რაიონში ომალო. ჩვენი დასკვნით საჭიროა ამ რეგიონებში პრიორიტეტული, სტრატეგიული გეგმების დამუშავება, სადაც უნდა განხორცილედეს პრევენციული, სასწრაფო ღონისძიებები, რათა არ იქნეს მოსახლეობის მსხვერპლი. იგეგმება საინჟინრო-ეკოლოგიური ღონისძიებების განხორციელება – ეს იქნება ნაპირდამცავი ჯებირები, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ნაგებობები, რომელიც ინოვაციური მიმართულებით იმუშავებს“ – განაცხადა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა.
აღნიშნული აქტუალური საკითხის ირგვლივ ისაუბრეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, თამაზ ჭელიძემ, დავით გურგენიძემ, ლევან ჯაფარიძემ, თამაზ შილაკაძემ და სხვ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაიცა რეკომენდაციები მთავრობისადმი ქმედითი ღონისძიებების მისაღებად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სავალალო შედეგები.