აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის სამეცნიერო მოხსენება

აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის სამეცნიერო მოხსენება

  • დეკემბერი 5, 2025

 

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.  მოხსენებით – „ახალი ბაქტერიოფაგი და ინოვაციური ბიონანოპრეპარატი პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის საწინააღმდეგოდ“, წარსდგა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი. ხსენებული მოხსენება ქალბატონმა თინათინმა სულ რამდენიმე დღის წინ, 28 ნოემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე წარმოადგინა (ცენტრის თავმჯდომარე აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე).

აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, აღმოჩე­ნილია მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი, უნიკალური გენომის მქონე ახალი ბაქტერიული ვირუსი – პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის გამომწვევი ბაქტერიის Xanthomonas vesicatoria ბაქტერიოფაგი – Xanthomonas phage vB_XveM. ბაქტერიოფაგის გენომის –  დნმ-ის სრული ნუკლეო­ტიდური თანმიმდევრობა, ანოტირებული გენები, შესაბამისი ჰიპოთეზური ცილები, განთავსებულია აშშ მთავრობის ოფიცია­ლურ ვებგვერდზე – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute of Health), ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი (National Center for Biotechnology Information) (https://www.ncbi.nlm.nih.gov/nuccore/NC_017981). განსხვავებული გენომის გამო მისი კლასიფიცირება ვერ მოხერხდა ვირუსების ტაქსონომიის არსებულ სისტემაში. მოგვიანებით (2020 წ), ლიტვაში ორი მონათესავე ფაგის გამოყოფის შემდეგ, ავტორების: თინათინ სადუნიშვილი, გიორგი კვესიტაძე, ა. კროპინსკი, ე. ანდრიაენსენს, ლ. ტრუნკაიტე და, ე. სიმოლიანასი, მიერ ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტში (ICTV) შეტანილ იქნა განაცხადი (2020.046B.R.Dibbivirus), რომ ტაქსონომიური არასრულ­ყოფილების გამო შეიქმნას ვირუსების ახალი გვარი და მას ეწოდოს Dibbivirus– დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დასახელების აბრევიატურა (Durmishidze Institute of Biochemistry and Biotechnology) https://ictv.global/taxonomy/taxondetails?taxnode_id=202409966&taxon_name=Dibbivirus. საკითხის  შესწავლის შემდეგ, ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა შექმნა ახალი ტაქსონი – გვარი Dibbivirus. გვარში დღეისათვის სამი სახეობაა გაერთიანებული (ქართული და ორი ლიტვური) და სამივე ვირუსი, ატარებს გვარს Dibbivirus: Dibbivirus DIBBI, Dibivirus AAM37 და Dibbivirus PSKM  (https://ictv.global/taxonomy საძიებელ ველში Dibbivirus).

შესწავლილია ფაგის სუფთა ხაზების ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები, რაც მნიშვნელოვანია მათი, როგორც ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისთვის: ვირიონის მორფოლოგია, თერმოსტაბილობა, მასპინძელ უჯრედთან დამოკი­დებულება, სასიცოცხლო ციკლი, ლიზისური სპექტრი, თერმო­სტაბილობა და სხვ. დადგენილია სამი ფაგის გარკვეული თანაფარდობის შემცველი კოქტეილის ბაზაზე შექმნილი  პრეპარატის ეფექტურობა პომიდვრის თესლის, ფოთლებისა და ნაყოფის ბაქტერიული სილაქავისაგან დაცვაში (პატენტი P4680).

პირველად საქართველოში აღმოჩენილია ახალი ბაქტერიული ვირუსი. პირველად ვირუსების ტაქსონომიაში შეიქმნა მისთვის ახალი ტაქსონი – გვარი Dibbivirus, რომელშიც გაერთიანდება მომავალში გამოყოფილი მსგავსი ბაქტერიოფაგები, და ყველა მათგანის გვარი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დასახელებით მოიხსენიება.

პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის მოხსენება „ახალი ბაქტერიოფაგი და ინოვაციური ბიონანოპრეპარატი პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის საწინააღმდეგოდ“ მიღებულ იქნეს ცნობად.