საჯარო ლექცია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ
- თებერვალი 28, 2024
2024 წლის 27 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საჯარო ლექცია სახელწოდებით “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება: რისი ცოდნა გვმართებს”, რომელსაც უძღვებოდა ბიოუსაფრთხოების ექსპერტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ბაქანიძე. აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკები, რომლის განსაზღვრა და შეფასება წარმოადგენს ქბრბ შემთხვევების პრევენციის მთავარ ქვაკუთხედს.
„კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რომელიც აღიარებული იყო, როგორც გლობალური საფრთხე, გაიზარდა ფართო საზოგადოების ინტერესი ბიოლოგიური საფრთხეების მიმართ. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ მართული პროცესები, მაგალითად ომები ან ბუნებრივი კატაკლიზმები, გვიჩვენებს, რომ საჭიროა მზად ვიყოთ ახალი თუ მიძინებული პრობლემების გადასაჭრელად“ – აღნიშნა მომხსენებელმა ლელა ბაქანიძემ.
ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივაში (EU CBRN Risk Mitigation CoE Initiative), რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ქბრბ რისკების შემცირებასა და ყველა საფრთხის მხრივ უსაფრთხოების მართვის გაძლიერებაში, ნებაყოფლობითი და მოთხოვნაზე ორიენტირებული მიდგომის შესაბამისად. მომხსენებელი ლელა ბაქანიძე აღნიშნული ინიციატივის ექსპერტია ცენტრალური აზიის რეგიონში.
ლექციას დაესწრო მრავალმხრივი აუდიტორია. დარგის ექსპერტებთან ერთად, განხილვაში მონაწილეობდნენ და შემაჯამებელი სიტყვით წარდგნენ ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.