დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა აკადემიაში
- მარტი 8, 2024
მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიის ხელმძღვანელობა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამშრომელ ქალბატონებს შეხვდნენ. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ქალთა საბჭოს (აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი) ერთობლივი ძალისხმევით. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც აკადემიის თანამშრომელი ქალები, ასევე ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის და აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანებული არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ქალები, გამოჩენილი მეცნიერები: მზექალა შანიძე (საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე), ინესა მერაბიშვილი, ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, ლია მელიქიშვილი, ქეთევან ნემსაძე. შეხვედრამ ძალიან გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საოპერო მომღერალმა ბაია გრიგოლიამ და მევიოლინე ქეთი თავშავაძემ.