მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების სემინარი
- მარტი 22, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი გია ჯაფარიძე; სწავლული მდივანი ლამარა გოგოლაური) მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელზეც მოხსენება „ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპას პროექტით მხარდაჭერილი კვლევები ხელოვნური ინტელექტის დარგში“ წაიკითხა პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი გიორგობიანმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, „ჰორიზონტი ევროპას“ (HORIZON EUROPE) პროექტის „ხელოვნური ინტელექტის დარგში ნეთვორქინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative)“ კოორდინატორი.
წარმოდგენილ მოხსენებაში განხილულ იქნა ამ პროექტის მიზნები და მასში დასმული კვლევითი ამოცანები. სემინარს ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვახტანგ კვარაცხელია, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები – ვალერი ბერიკაშვილი, ზაზა გორგაძე, დავით ზარნაძე, მამული ზაქრაძე, ვაჟა ტარიელაძე, მარინე მენთეშაშვილი და სხვ.