მათემატიკური მეთოდები ნეირომეცნიერებაში
- მარტი 22, 2024
მათემატიკისა და ფიზიკის და ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინტერდისციპლინარული მინი-კონფერენცია თემაზე: „მათემატიკური მეთოდები ნეირომეცნიერებაში“ გაიმართა. მინი-კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ეპილეფსიური კერის დასადგენად ჯანაშია–ლაგვილავას ალგორითმის კლინიკური გამოყენების პოტენციალის შესწავლა რელევანტურ რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით” ფარგლებში, რომელსაც უცხოელი ექსპერტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნეიროფიზიკისა და სისტემური ნეირომეცნიერების ლაბორატორიის დირექტორი, მუკეშ დამალა ესწრებოდა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტისა და აბუ დაბიში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ლაშა ეფრემიძე, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი სოფიო კასრაძე, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი გიორგი ლომიძე და უცხოელი ექსპერტი მუკეშ დამალა. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა ჯანაშია-ლაგვილავას აშშ-ში დაპატენტებული ალგორითმის გამოყენების პერსპექტივები ეპილეფსიის მკურნალობაში. კონფერენციის მათემატიკური ნაწილი მოიცავდა ჯანაშია-ლაგვილავას მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის მეთოდის აღწერას და მისი შექმნის ისტორიას. მინი-კონფერენციის მსვლელობისას, ქართველმა ექიმებმა ისაუბრეს ეპილეფსიის ქირურგიული გზით მკურნალობის შესახებ და აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელექტრო ენცეფალოგრამების პრექირურგიული ჩანაწერების სწორი დამუშავება ეპილეფსიური გულყრის საწყისი ლოკაციის ზუსტად დასადგენად. ამ უკანასკნელი პრობლემის მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციით გადაწყვეტის საკუთარი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა უცხოელმა ექსპერტმა მუკეშ დამალამ.