საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის ორგანიზებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ერთვება!
- აპრილი 15, 2024
2024 წლის 11 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს 2026 წელს ჩასატარებელ იმ მასშტაბური ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე, რომლებიც მიეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს. შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქრისტიანული ეკლესიის მიმართულებით მრავალი სამეცნიერო ღონისძიების გამართვა.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა დააყენა წინადადება, რომ „თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აღნიშვნა უნდა გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და გახდეს საერთაშორისო მასშტაბის. შესაბამისად, აუცილებელია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) მუშაობის დაწყება, რათა 2026 წელი გამოცხადდეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების საიუბილეო წლად“.
თავის მხრივ, მეუფე დანიელმა ხაზი გაუსვა არამარტო თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობას: „ღირებულებების გაცოცხლების, სარწმუნოებისა და მეცნიერების უფრო მეტად დაახლოების მიზნით, ვგონებ საჭიროა ინტელექტუალური რესურსის მობილიზაცია, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და მკაფიოდ განემარტოს ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების მნიშვნელობა. ჩვენი მეტად ღირსეული ისტორიიდან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს თუ ვისი გორისა ვართ“.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ყველა წამყვანი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და მათმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა, მხარი დაუჭირონ ზემოაღნიშნულ ინიციატივას და ორგანიზება გაუწიონ 2026 წელს განსახორციელებელ სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებს. ასევე, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, მონაზონმა დედა ელენე ნაფეტვარიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ლადო პაპავამ.
აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი ექსპოზიციის მოწყობის თაობაზე, რომელიც ასახავს საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლოვან ისტორიას. ღონისძიებების შინაარსის განსაზღვრაში ჩართულები იქნებიან აკადემიკოსები ლიანა მელიქიშვილი და ავთანდილ არაბული, ასევე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია.
შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბიდან გამომდინარე, მთავრობას წარედგინოს რეკომენდაცია სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.