თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია
- აპრილი 22, 2024
მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დოვლეტმირატ სეიტმამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აკადემიას ასევე ესტუმრა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და არქეოლოგიის დირექტორი და ამ ინსტიტუტის ორი თანამშრომელი.
თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო–სამეცნიერო კონფერენცია აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა თავისი მისასალმებელი სიტყვით გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის.
ღონისძიების სტუმრები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: პროფესორი მარიკა ჯიქია, ჟურნალისტი ბადრი ნაჭყებია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და სხვ.
თურქმენი პოეტი მახტუმკული ფრაგი გახლდათ თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ჰუმანიტარი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე, რომელიც XVIII საკუნეში მოღვაწეობდა. მისი ლექსები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. რაც შეეხება მის ქართულენოვან თარგმანებს ქალბატონი მაყვალა გონაშვილის მიერ თარგმნილი მახტუმკული ფრაგის ლექსების კრებულს ქართველი მკითხველი მიმდინარე წლის სექტემბერში გაეცნობა.
ღონისძიების მსვლელობისას წარმოდგენილი იყო თურქმენული ხელნაკეთი ნივთების, ნაციონალური ტანსაცმლის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენა. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი მახტუმკული ფრაგის შესახებ.
„იმედი გვაქვს, რომ აქამდე არსებული მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის უფრო გაფართოვდება; საქართველო და თურქმენეთი ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებით განავითარებენ არა მხოლოდ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საერთაშორისო თუ რეგიონალურ პროექტებს, არამედ საინტერესო ინოვაციურ ერთობლივ სამეცნიერო პროექტებსაც ჩაეყრება საფუძველი. ვიმედოვნებ, რომ მალე ვიხილავთ სამეცნიერო სფეროში ჩვენს მჭიდრო ურთიერთობებს; ჩვენის მხრივ ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნას გამოვთქვამთ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიასთან“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
აკადემიაში გამართული სამეცნიერო კონფერენცია იმის დასტურია, რომ დიდი მოაზროვნისა და სიტყვის დიდოსტატის მახტუმკული ფრაგის შემოქმედება ახლობელი და ძვირფასია, არა მხოლოდ თურქმენი, არამედ ქართველი ხალხისთვისაც.