ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 1, 2024
2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის, ბატონ დავით მაღრაძის მოხსენება: ,,საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“. მოხსენებაში განხილული იყო ვენახების კადასტრი, როგორც საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია მევენახეების, ვენახებისა და მეღვინეობის სუბიექტების შესახებ, როგორც ვენახებისა და ღვინის წარმოების მონიტორინგის საშუალება.
სხდომა გახსნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: თინათინ სადუნიშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე გივი აბდუშელიშვილი, ცენტრის სწავლული მდივანი ნოდარ გრძელიშვილი, ცნობილი მეცნიერები, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ვენახების კადასტრის დაგეგმვა და განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული გამოცდილებისკენ.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან, ეტაპობრივად, მევენახეობის რეგიონების მიხედვით, ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახებისა და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2014–2023 წლებში ვენახების კადასტრის ფარგლებში სრულად აღიწერა საქართველოს ვენახები – 48 643 ჰა და 170 174 ჰა ვენახის, რომლითაც სარგებლობს 47091 მევენახე. ამით დასრულდა ვენახების კადასტრის აგების პირველი ეტაპი, რომელიც შემდეგ გაგრძელდება მუდმივ ფუნქციონირებად რეჟიმში. რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოში რთველი ტარდება ვენახის კადასტრის მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს უწყობს ქართული ღვინის ხარისხის და შესაბამისად, კონკურენტიანობის გაზრდას ღვინის მსოფლიო ბაზარზე.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებელმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. აუდიტორიას მიმართა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ, რომელმაც ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებსა და პროექტებზე. სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.