მეცნიერების საერთაშორისო დღე
- ნოემბერი 11, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციისამებრ, ყოვეწლიურად აღნიშნავს „იუნესკოს“ მიერ დაარსებულ მეცნიერების საერთაშორისო დღეს. წელს, 10 ნოემბერს ამ დღის აღნიშვნა მეცნიერების მუზეუმის საზეიმო გახსნით დაიწყო. მუზეუმი გახსნეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მუზეუმის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ლია მელიქიშვილს. აკადემიის მუზეუმის მიზანია მეცნიერების ისტორიული მემკვიდრეობის გაცოცხლება და საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ სივრცეში ასახულია აკადემიის ისტორია დაარსების დღიდან დღევანდელობამდე; მისი პრეზიდენტები, სამეცნიერო განყოფილებები, კვლევითი ინსტიტუტები, ფოტო მასალა და სამახსოვრო ნივთები, ქართული ენციკლოპედიის და რუსთაველის კომიტეტის ბანერები და ა. შ.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს, მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა; ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ მეცნიერების განვითარების ამა თუ იმ საკითხებში. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს აჩვენოს ფართო საზოგადოებას რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაარსების დღიდან, მეცნიერების მსოფლიო დღეს ხორციელდება კონკრეტული პროექტები, რომლებიც გარკვეულ კავშირებს და ხიდებს ქმნიან მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. ამ მოვლენის პარტნიორები არიან „იუნესკოს“ ეროვნული კომისიები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და მეცნიერული კვლევის ცენტრები; ისინი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ამ ღონისძიების აღნიშვნაში და წარმატებასაც აღწევენ. ამგვარად, ეს დღე ემსახურება მეცნიერების განვითარების ეტაპების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას.
2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები გამოაცხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალურ ძალისხმევაში, რათა გამოიყენონ სამეცნიერო ცოდნა მდგრადი მომავლისთვის. იუნესკოს ხელმძღვანელობით, ეს ათწლეული მიზნად ისახავს სამეცნიერო დისციპლინების ფართო სპექტრის მობილიზებას, მათ შორის საბაზისო და გამოყენებითი მეცნიერებების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, აგრეთვე ინტერდისციპლინარული და განვითარებადი სფეროების, რათა ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციულ ცვლილებებს საზოგადოებებში, ეკონომიკასა და გარემოში.
„იუნესკოს“ ეგიდით წლეულს მეცნიერების მსოფლიო დღე ეძღვნება შემდეგ თემას – „ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე: მეცნიერება, რომელიც 2050 წლისთვის გვჭირდება“. ამ დღის მიზანია ხაზი გაუსვას მეცნიერების როლს მშვიდობიანი და მდგრადი საზოგადოების სამეცნიერო მიღწევების საქმეში. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის განსაკუთრებით მეცნიერების საერთაშორისო დეკადის (2024-2033) კონტექსტში.
ეს თარიღი ემსახურება მეცნიერების როლის განმტკიცებას მსოფლიო მასშტაბით და მის წარმოჩენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რაც შეეხება აკადემიის დღევანდელ ღონისძიებას, იგი შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა და მეცნიერების მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა. შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, რომელმაც საზოგადოებას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მილოცვა ქართველ მეცნიერებს. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცოდნა არის სინათლე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო. სიტყვით გამოვიდა ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილი. ღონისძიება დალოცა პროტოპრესვიტერმა, სასულიერო აკადემიის რექტორმა, მამა გიორგი ზვიადაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, აკადემიკოსები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს, აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამარჯვებულ 40-ზე მეტ მეცნიერს.





























