ქართველი მეცნიერების აღმოჩენა
- მაისი 16, 2024
ქართველი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია სრულიად განსხვავებული გენომის მქონე ბაქტერიული ვირუსი, რის გამოც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა შემოიღო ახალი ტაქსონი – გვარი: Dibbivirus
ა.წ. 13 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმზე აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „ახალი ბაქტერიული ვირუსი და ახალი გვარი Dibbivirus ვირუსების ტაქსონომიაში“. მომხსენებელმა წარმოადგინა დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, რამოდენიმე წლის წინ, პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის გამომწვევი ფიტოპათოგენის –Xanthomonas vesicatoria სპეციფიკური ბაქტერიოფაგის გამოყოფისა და კვლევის შედეგები.
ამ ბაქტერიული ვირუსის მთლიანი გენომის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შესწავლის და გენომის ანოტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფაგის გენომი უნიკალური და ყველა ცნობილი ვირუსისაგან განსხვავებულია. ორჯაჭვიანი 49981 ფუძე წყვილის დნმ-ში გაშიფრულია ყველა 81 გენი და შექმნილია გენეტიკური რუკა. ვირუსის მონაცემები განთავსებულია აშშ მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute of Health), ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი (National Center for Biotechnology Information), NC_017981.1 (Sadunishvili T., Gaganidze D., Kropinski A.M., Lingohr E.J., Ghudumidze N., Kvesitadze G. (2012) Xanthomonas phage vB_Xve_DIBB, complete genome. Accesion NC_017981.1. https://www.ncbi.nlm.nih.gov/nuccore/NC_017981).
2020 წელს ლიტვაში Pantoea agglomerans შტამების საწინააღმდეგო ორი მონათესავე ფაგის გამოყოფის შემდეგ, ავტორების: თინათინ სადუნიშვილი, გიორგი კვესიტაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი), ა. კროპინსკი (გელფის უნივერსიტეტი, კანადა), ე. ანდრიაენსენს, ლ. ტრუნკაიტე და ე. სიმოლიანასი (ლიტვის სამეცნიერო ცენტრები) მიერ 2021 წელს ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტში (ICTV-International Committee on Taxonomy of Viruses) შეტანილ იქნა ერთობლივი განაცხადი, რომ ტაქსონომიური არასრულყოფილების გამო შეიქმნას ვირუსების ახალი გვარი (Sadunishvili T., Kvesitadze G., Kropinski AM., Adriaenssens EM., Truncaitė L., Šimoliūnas E. To create a genus, Dibbivirus, containing three species in the family Myoviridae). ახალ გვარში სახეობების დემარკაციის კრიტერიუმად განსაზღვრულ იქნა დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის 95%-იანი იდენტურობა.
2024 წლის აპრილში ვირუსების საერთაშორისო კომიტეტმა შემოიღო ახალი გვარი, რომელსაც პირველაღმოჩენილი ფაგის პრიორიტეტის აღიარებით, ეწოდა Dibbivirus. მისი სახელწოდება მომდინარეობს დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტიდან (Durmishidze Institute of Biochemistry and Biotechnology), სადაც გამოყოფილი იქნა პირველი ასეთი ვირუსი (https://ictv.global/taxonomy). შესაბამისად, სამივე (ქართული და ორი ლიტვური) ბაქტერიული ვირუსი ატარებს გვარს Dibbivirus: Dibbivirus DIBBI, Dibivirus AAM37 და Dibbivirus PSKM.