ნაპოლეონ (ნაპო) მესხიას წიგნის წარდგინება
- მაისი 28, 2024
მიმდინარე წლის 24 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ნაპოლეონ (ნაპო) მესხიას წიგნის – „კონცეპტუალურ-ინოვაციური მიდგომა და მეთოდები ნეიროქირურგიაში“ წარდგენა-განხილვა.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
წარმოდგენილ კრებულში თავმოყრილია ნაპოლეონ მესხიას მიერ გამოქვეყნებული რჩეული სტატიები ნეიროქირურგიაში. ისინი დაწერილია სხვადასხვა დროს და მიძღვნილია ნეიროქირურგიის სხვადასხვა განხრებისადმი. თითოეული მათგანი გამოირჩევა ინოვაციურობით და ავტორის, როგორც ექიმ-ნეიორქირურგის ღრმა ცოდნასა და უბადლო პროფესიულ უნარებს წარმოაჩენს.
წიგნში გადმოცემულია ავტორის ინტენსიური და თავდაუზოგავი საქმინობა ხსენებულ დარგში, მის მიერ ქალაქ სოხუმში ნეიროქირურგიული ცენტრის შექმნის ისტორია და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები. კრებულში შესული სტატიები და იდეები მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს კოლეგებისა და მომიჯნავე სპეციალობების მედიკოსებისათვის. წიგნის რედაქტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: წიგნის ავტორი, ბატონი ნაპოლეონ მესხია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი გოგი მაღალაშვილი, ვახტანგ ყოლბაია, პროფესორი ნოდარ ჭითანავა, ბაკურ გულუა, ღონისძიების ორგანიზატორი, მწერალი გური ოტობაია და სხვ.