აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე – 110
- მაისი 30, 2024
ბრწყინვალე ქართველ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, ქართული კულტურის დიდ მოამაგეს, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. ვახტანგ ბერიძე მეცნიერთა იმ დიდებული პლეადის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო, რომელმაც XX საუკუნის პირველ ნახევარში საფუძველი ჩაუყარა ქართულ მეცნიერებას.
ვახტანგ ბერიძის განმაზოგადოებელმა ნაშრომებმა ცხადყო და დაადასტურა, რაოდენ ფასეულია დიდტანიანი შრომები თუ წერილები, რომლებშიც პროფესიონალის უცდომელი თვალით დანახული და მეცნიერული აზროვნების ლოგიკურობით განჭვრეტილი წარმოგვიდგება ჩვენი უმდიდრესი კულტურის ძეგლები, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიული სახეცვლილება, მისი თავისებურება და მხატვრული მიღწევები.
ვახტანგ ბერიძე დაიბადა 1914 წლის 30 მაისს ქ. ქუთაისში. მისმა მამამ, ცნობილმა მეცნიერმა, ვუკოლ ბერიძემ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი პეტერბურგში დაამთავრა, მერე ქუთაისში ქართულის მასწავლებელი, შემდგომ კი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო. საგულისხმოა ისიც, რომ ვახტანგ ბერიძის ნათლია სახელგანთქმული ფსიქოლოგი და განწყობის თეორიის ავტორი დიმიტრი უზნაძე იყო.
1918 წელს ბერიძეების ოჯახი თბილისში გადმოვიდა. ვახტანგ ბერიძე 1920 წელს მიაბარეს ფრანგულ სკოლაში, 1922 წლიდან კი სწავლობდა თბილისის პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში, რომელსაც მიხეილ ზანდუკელი ხელმძღვანელობდა. 1936 წელს მან დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიუტუტი არქიტექტურის სპეციალობით და ცნობილი ხელოვნებათმცოდნის შალვა ამირანაშვილის ასპირანტი გახდა.
1936 წელი, მის ცხოვრებაში, სხვა მხრივაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ წლიდან იწყება თანამშრომლობა გიორგი ჩუბინაშვილთან: ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდგომ მუზეუმ „მეტეხში“ და ბოლოს, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.
1941 წელს დაფუძნდა საქართველოს მეცნირებათა აკადემია და მის შემადგენლობაში შევიდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორი აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი იყო. ვახტანგ ბერიძე იმთავითვე მისი სწავლული მდივანი გახდა, 1960 წლიდან – დირექტორის მოადგილე, ხოლო 1973 წლიდან, გიორგი ჩუბინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ინსტიტუტის დირექტორი. 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1940 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სავანის ტაძრის ხუროთმოძღვრებაზე, ხოლო 1958 წელს – სადოქტორო დისერტაცია სამცხის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე.
გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფემ, თავისი დიდი მასწავლებლის მიერ დაფუძნებული ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, საერთაშორისო ავტორიტეტი და რანგი მოუპოვა; მისი ძალისხმევით გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და მრავალ ენაზე გამოცემული წიგნების საშუალებით ქართული ხელოვნებას მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა.
ვახტანგ ბერიძეს ყველაზე მეტად სიტყვა „ბრწყინვალე“ ესადაგება. ერთი შეხედვით ამ მართლაც ბრწყინვალე ადამინის და მეცნიერის ცხოვრება ურღუბლო და წარმატებიანი ჩანს – სინამდვილეში კი მრავალი გაჭირვება, უბედურება და ტრაგედია, მრავალი გულისტკივილი და წყენა, უდიდესი პასუხსიმგებლობა და მუხლჩაუხრელი შრომა გამოიარა. 1988 წელს კომუნისტური პარტიის ცკ-ს გადაწყვეტილებით აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე გადააყენეს ინსტიტუტის დირექტორობიდან, თუმცა 1996 წელს, თანმაშრომელთა დაჟინებული მოთხოვნით და ძალისხმევით, ის კვლავ სათავეში ჩაუდგა ინსტიტუტს და ცხოვრების ბოლომდე უძღვებოდა მას. მისი ცხოვრების ბოლო წლებიც მძიმე განსაცდელით იყო აღბეჭდილი – მან თავისი თვალით ნახა, ხელისუფლებისათვის უაზრო ბრძოლის ხანძარმა როგორ გაანადგურა მისი ინსტიტუტი, ქართველ მეცნიერთა მრავალი თაობის ნაღვაწი და მთელი მისი ცხოვრების შრომა. მიუხედავად ამისა, მას ოპტიმიზმი და მოღვაწეობის ჟინი მაინც არ დაუკარგავს და იმ საბედისწერო წლებში კვლავ იკისრა ინსტიტუტის წაძღოლა, არ აიცდინა განადგურებული ინსტიტუტის მართვისა და გადარჩენის უმძიმესი პასუხისმგებლობა.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი იყო მისი უდიდესი სიყვარულის და ზრუნვის მთავარი საგანი, მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი, მისი ბედისწერა, მისი მრწამსი. ინსტიტუტში მისი თანამოაზრენი და კოლეგები იყვნენ ბრწყინვალე მეცნიერები: თინათინ ვირსალაძე, რუსუდან მეფისაშვილი, რენე შმერლინგი, ლევან რჩეულიშვილი, სარა ბარნაველი, ვახტანგ ჯაფარიძე, ლენკო მუსხელიშვილი, ზაქარია მაისურაძე, შალვა ხიდაშელი, ნიკო ჩუბინაშვილი, ვახტანგ ცინცაძე და მისი მიმდევრების და მოწაფეების რამდენიმე თაობა.
მისთვის მაღალ რეგალიებს – აკადემიკოსი, დირექტორი და სხვა – განსაკუთრებული მნიშვნელობა არასდროს ჰქონია – იმდენად დიდი პიროვნება იყო ყოველგვარი რეგალიების გარეშეც, და მართლაც, როცა 1988 წელს მოხსნეს დირექტორობიდან, ამას არაფერი შეუცვლია არც მისი თანამშრომლებისათვის და არც საზოგადოებისათვის.
მისი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა, რომელიც არასდროს დაუკარგავს – არც მშობლების რეპრესირების დროს, არც მისი ძვირფასი მასწავლებელისა და ინსტიტუტის სამარცხვინო იდეოლოგიური სასამართლოს დროს, იყო ღირსება. ვახტანგ ბერიძემ, თავის კოლეგების მსგავსად, ერთხელაც არ დაიხია უკან, არ უღალატა თავის დიდი მასწავლებელს. საგულიხმო და აღფრთოვანების ღირსია ის ფაქტი, რომ იმ საშინელ და საშიშ წლებში მთელს ინსტიტუტში ერთი ადამიანიც კი ვერ დაითანხმეს, რომ გ. ჩუბინაშვილისთვის დაედო ბრალი და იგი, როგორც იდეოლოგიური მტერი, „ემხილებინა“.
ვახტანგ ბერიძეს არც შემდგომ უღალატია თავისი პრინციპებისთვის: ფარისევლობით და სისასტიკით განმსჭვალულ 70-იან და 80-იან წლებში – ენის თაობაზე ატეხილი ბობოქარი გამოსვლებისას, მუზეუმებს თავსდატეხილი განსაცდელისა, საზოგადოების მიერ მოწყალების თხოვნას მოყოლილი სამარცხვინო კამპანიისას, ტრანსკავკასიური მაგისტრალის განხილვებისა თუ 9 აპრილს ტრაგედიისას.
ფართოა და მრავალმხრივი ვახტანგ ბერიძის, როგორც მეცნიერ-მკვლევარის ინტერესთა სფერო. მისი კვლევის უმთავრესი საგანი როგორც ძველი, ასევე ახალი და თანამედროვე, ქართული ხუროთმოძღვრებაა. გარდა უამრავი წერილისა და ნარკვევისა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის არქიტექტურის ცალკეულ ძეგლს ეძღვნება, სამეცნიერო წრეებში ფართოდ არის აღიარებული მისი ფუძემდებლური გამოკვლევები: „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955); ორტომეული „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრება“ (1986 და 1994 წლები); „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ (1974); „ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება“ (1983); ხოლო მონოგრაფიაში, რომელიც ტაო-კლარჯეთს ძეგლებს ეხება (1981) პირველადაა ასეთი სისრულით წარმოჩენილი საქართველოს ამ ძირძველი კუთხის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა, მისი სრულიად განსაკუთრებული როლი შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიაში. სრულიად უნიკალურია ვახტან ბერიძის ორტომეული „თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლებში“ (1960), რომელშიც არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის ხუროთმოძღვრება, არამედ თვით მისი სული არის აღბეჭდილი და გაცოცხლებული. ვახტანგ ბერიძე იმთავითვე თვლიდა, რომ ქალაქს დაცვა და რეაბილიტაცია სჭირდება: „შევუნარჩუნოთ თბილისს თბილისური სახე“.
ვახტანგ ბერიძე აქტიურად იყო ჩართული კულტურული მემეკვირდრეობის დაცვის სფეროში. მისი დამსახურებით და მონაწილეობით დამტკიცდა 1985 წელს თბილისის დაცვითი ზონები, ხოლო 1986 წელს – ძეგლების ნუსხა, რაც დიდი მიღწევა იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს განვითარებისთვის. ბატონი ვახტანგი ყოველივე ამის სულისჩამდგმელი და აქტიური მონაწილე იყო.
ამიტომ იყო მისი შრომა მაღალ დონეზე შეფასებული და სათანადოდ დაჯილდოვებული. იგი იყო ღირსების ორდენის კავალერო (1994); ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მფლობელი (1984); თბილისის საპატიო მოქალაქე (1986); საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1964); საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში წიგნისთვის „XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება“, თბილისი, (1994).- საპატიო ნიშნის ორდენი; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია.
იგი მხოლოდ ხუროთმოძღვრებაზე როდი მუშაობდა, ხელოვნების სხვა სფეროებშიც ჩინებულად ერკვეოდა: ძველი ფერწერა (1948 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის „ცხოველი სვეტის“ მოხატულობა წმ. ნინოს ცხოვრების სცენებით; ნაქარგობა (მონოგრაფია ქართული ნაქარგობის ისტორიიდან (1983), თანამედროვე ხელოვნების ყოვლის მომცველი ისტორია (რუსულად გამოცემული ე. ეზესკაიათან თანაავტორობით, ახალი ხელოვნება: ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები. საგანგებოდ უნდა ვახსენოთ მის მიერ შედგენილი ქართველ ოსტატთა ერთგვარი ენციკლოპედია („ძველი ქართველი ოსტატები“ 1967).
ვახტან ბერიძე ყოველთვის დინჯი და კორექტული იყო. თუ ვინმე გაბედავდა მისთვის უძვირფასესის – ქართულ მეცნიერებისა და ქართული ხელოვნების – აუგად ხსენებას, იგი შემართულ, უშეღავათო პოლემისტად გვევლინებოდა და არც ზეპირ პაექრობას და არც წერილობითს, არიდებდა თავს და ამავე დროს ჩვეულ სიდარბაისლეს ინარჩუნებდა.
ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული, უბადლო მოქართულე, არანაკლებ დახვეწილად საუბრობდა და წერდა ფრანგულად, რითაც ყველას აოცებდა. სესიებსა თუ კონგრესებზე წარდგენილი მისი სავსებით აკადემიური მოხსენებები ყოველთვის სულმოუთქმელად, სათავგადასავლო მოთხრობებივით აღიქმებოდა.
ვახტანგ ბერიძე, ალბათ, ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო ქართულ საზგადოებაში, მრავალთა და მრავალთათვის მაღალი პროფესიონალიზმის, ზნეობის, სათნოების ეტალონი. ღრმად განათელებული, ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული, იგი თავდადებულად და დაუცხრომლად შრომობდა თავისი ქვეყნის კულტურის სასიკეთოდ. იგი არა მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრების და სახვითი ხელოვნების უბადლო მცოდნე იყო, არამედ შესანიშნავად ერკვეოდა მუსიკის, თეატრის, ლიტერატურის, ისტორიის საკითხებში.
განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ახალგაზრდა კოლეგებისა და სტუდენტებისადმი. ნიშანდობლივია, თუ როგორი სიამაყით ამბობდა: ,,ჩვენი ინსტიტუტი ყველაზე ახალგაზრდააო’’, გულისხმობდა რა ახალგაზრდა მეცნიერთა დიდ რაოდენობას სხვა სამეცნეირო დაწაესებულებებთან შედარებით.
ეს დიდი მეცნიერი, ქართული განათლებული საზოგადოების მშვენება, მსოფლიოში სახლგანთქმული ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, თავის ახალგაზრდა კოლეგებს ისეთივე პატივისცემით და ყურადღებით ეპყრობოდა, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერებს და ამით სასიკეთოდ აქეზებდა მათ მოღვაწეობას.
ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობიდანვე ჩაება პედაგოგიურ მოღვაწეობაში. 1935 წლიდან – კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სამშენებლო ინსტიტუტში, 1937 წლიდან კი სამხატვრო აკადემიაში, პარალელურად ბატონი ვახტანგი მასწავლებლობდა თეატრალურ ინსტიტუტშიც.
მთელი მისი ცხოვრება იყო დაუღალავი და უანგარო მსახურება გიორგი ჩუბინაშვილის მიერ მისთვის ნაანდერძევი დიდი საქმისა _ ქართული ხელოვნების შესწავლის და ჯეროვანი შეფასებისა, მსოფლიო საგანძურში მისი ჩართვისა. ბატონი გიორგის შორსმიმავალ გეგმებში ესეც იყო გათვალისიწნებული, მაგრამ ეს დიდი საქმე მთლიანად ვახტანგ ბერიძის მოღვაწეობის სფეროდ იქცა. თავისი დიდი ავტორიტეტის მოშველიებით მან საბჭოთა წყობის პირობებში დაუჯერებელ შედეგებს მიაღწია – უცხოელ კოლეგების პერმანენტულ ვიზიტებს საქართველოში (საბჭოთა მეცნიერებს ხომ იქით იშვიათად უშვებდნენ) და მათი დახმარებით უპრეცენდენტო მასშტაბის საერთაშორისო სამეცნიერო თავყრილობების მოწყობას – სიმპოზუმებისა, რომლებიც მთელი სახელოვნებათმცოდნე მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენელთა შეკრებად იქცა. ვინც კი მაშინ ამ დარგში სახელოვანი მეცნიერო იყო, ყველას ჩამოყვანა მოახერხა.
სამ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით იტალიასა და საქართველოში, შემდეგ კი საბერძნეთშიც, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები უდიდესი კულტურული მოვლენა გახდა, რაც ამდენი წლის შემდეგაც ყველას კარგად ახსოვს. ამ სიმპოზიუმებმა ძლევამოსილად გაარღვიეს ის ბარიერები, რომლებიც ქართული კულტურის და სამეცნიერო მიღწევების ჯეროვან ცოდნასა და დაფასებას აბრკოლებდა მსოფლიო მასშტაბით; გააცნეს მსოფლიოს ქართველთა შემოქმედების ნაღვაწი და მისი მაღალი ღირებულება; საფუძველი ჩაუყარეს ჩვენთვის ესოდენ საჭირო სამეცნიერო კონტაქტებს, რასაც სხვასთან ერთად, უცხოურენოვანი ბრწყინვალე გამოცემებიც მოჰყვა. ყოველივე ეს ბატონი ვახტანგის ჩანაფიქრი იყო, მის მიერ დაგეგმილი, მისხალ-მისხალ აწონილ-შეფასებული, მის მიერვე განხორციელებული.
იმედი გვაქვს, რომ ამ მართლაც დიდი ადამიანისა და მეცნიერის მიერ დაწყებული ყველა საქმე კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ პატივსა და დაფასებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.