აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ახალი მონოგრაფია
- ივნისი 11, 2024
,,მეცნიერების” გრიფით გამომცემლობა ,,უნივერსალმა” ფერადი ილუსტრაციებით გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გივი გავარდაშვილის მე -19 მონოგრაფია – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსფრთხოება “. წიგნის ფორმატია B5, 546 გვ.
მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები, რომელიც მოიცავს ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკითხებს. ნაშრომში საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტისათვის შეფასებულია კლიმატის ცვლილება და გაანგარიშებულია მელიორაციის რისკები საქართველოს საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების მხედველობაში მიღებით.
წარმოდგენილია სარწყავი და დამშრობი ქსელის ინოვაციური კონსტრუქციები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია საქართველოს პატენტის მოწმობებით.
ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისათვის სახელმწიფო პროგრამის დამუშავების საფუძველი გახდება. ეროზიის კონტროლისათვის წარმოდგენილია ინოვაციური კონსტრუქციები და მათი დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდები.
წიგნში განხილული და შეფასებულია მსოფლიოს მაღლივი ჰიდროკვანძების უსაფრთხოება და მათი ავარიის გამომწვევი მიზეზები. დადგენილია ჟინვალის ჰიდროკვანძის შესაძლო ავარიის შემთხვევაში წყალდიდობის რისკის ზონები, რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის მიხედვით.
დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება, აღრიცხვა და დაზარალებული მოსახლეობის სარეაბილიტაციო გეგმის დამუშავება-ანალიზი და მდგრადობა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპეტენტური სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირებისათვის, გაეროს სტანდარტების მიხედვით განხილულია ის აუცილებელი საკონტროლო კითხვები, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების დაგეგმვისას.
მონოგრაფია საინტერესოა დარგით დაინტერესებული ტექნიკური ინტელიგენციის ფართო წრისათვის.