თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
- ივნისი 17, 2024
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი პედაგოგისა და სწავლულის – თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: გონელი არახამია და ქეთევან პავლიაშვილი.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ ისტორიკოსთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას (1853-1916).
თედო ჟორდანიამ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად მუშაობის დროს – 1882 წელს შეადგინა პროექტი, რის საფუძველზეც ყველა სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის კათედრა გაიხსნა. ამ ფაქტს იმ დროისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სასწავლებლებში სწავლება რუსულ ენაზე მიდიოდა და მშობლიური ენა და ლიტერატურა შტატგარეშე დისციპლინებად ითვლებოდა. ამის სანაცვლოდ პროექტის ავტორმა თანამდებობა დაკარგა. იგი თბილისის სემინარიაში მასწავლებლად გადაიყვანეს.
თედო ჟორდანის ძალისხმევის შედეგად, სემინარიაში 1885 წელს ქართული ენისა და ქართული ეკლესიის ისტორიის კათედრა დაარსდა, რომლის ხელმძღვანელად თავად დაინიშნა. ამის მიღწევა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან სამინისტროს სისტემის სასწავლებლებში იგივე უფლებების მოპოვებისთვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ იშუამდგომლა მთავრობის წინაშე, მაგრამ უშედეგოდ. თედო ჟორდანიამ დაწერა ქართული ენის გრამატიკა, რის საფუძველზეც სემინარიაში, ქართული ენის სრული კურსით სწავლება და პროგრამის გაფართოება შესძლო.
1894 წელს დაინიშნა კომისიის წევრად, რომელსაც საეკლესიო-სამრევლო სკოლებისათვის სასწავლო პროგრამები უნდა შეემუშავებინა. მან შეადგინა გეგმა, რომელშიც ქართულ ენას თვითოეულ განყოფილებაში დათმობილი ჰქონდა 12 გაკვეთილი, რუსულ ენას კი 6. მისი მონდომებით სინოდმა აღნიშნული გეგმა დაამტკიცა.
თედო ჟორდანია თავისი მოღვაწეობით, ხელს უწყობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებას. ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა მის თავდადებულ შრომას. იგი აქტიურად თანამშრომლობდა „ივერიაში“; „ეგრის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს ისტორიულ თემებზე. ქვეყნის ისტორიის შესწავლაში ხედავდა ახალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საუკეთესო საშუალებას.
თედო ჟორდანია თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის უპირველეს მიზნად , ქართული წყაროთმცოდნეობითი ბაზის შექმნას მიიჩნევდა. მან დიდი შრომის ფასად შეაგროვა ძველი ხელნაწერები, სიგელ გუჯრები და გამოსცა „ქრონიკები“, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნია ქართველოლოგებისთვის. იგი საეკლესიო ისტორიის კვლევებითაც იყო დაინტერესებული. მან პირველმა შეისწავლა მონოგრაფიულად ანტონ კათალიკოსის, იოსებ სამაებელის ცხოვრება – მოღვაწეობა და სხვ.
თედო ჟორდანიას მემკვიდრეობის შესწავლის შედეგად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა – იგი, როგორც ისტორიკოსი არა მხოლოდ აღწერს, მოგვითხრობს ისტორიას, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით ერკვევა მოვლენებში, მათ შორის ეძებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ახდენს მის ხელთ არსებული წყაროების გაანალიზებით ფაქტების დაზუსტებას და იმდროინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების რეკონსტრუირებას. ყველაფერი ეს კი მას XIX საუკუნის ახალი თაობის იმ ისტორიკოსთა რიგში აყენებს, რომელთაც ხელი შეუწყვეს ისტორიის, როგორც მეცნიერების წინსვლასა და განვითარებას.