ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 20, 2024
2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის დოქტორ მერაბ ბოლქვაძის მოხსენება: ,,საქალაქო ტრანსპორტის პრობლემები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში’’.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები, ცენტრის წევრები და მოწვეული სტუმრები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სივრცითი მოწყობა, ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაგეგმარება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების დამუშავება შეუძლებელია ტრანსპორტის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციოლოგიის, გეოგრაფიის გარეშე. ქალაქდაგეგმარებითი პროექტები მრავალდარგობრივია.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთავარი მიზანია მიწისა და სხვა რესურსების ეკონომიურად გამოყენება, ეკოლოგია, მნიშვნელოვანი ადგილების დაცვა, მიწისქვეშა წყლების შენარჩუნება, ტრანსპორტის მოძრაობის შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერა.
ქალაქების კომპაქტურობა მდგრადი განვითარების წინაპირობაა და ტრანსპორტის საკითხის გადაწყვეტის საშუალებაა: კომპაქტური ქალაქი ზოგავს ბუნებრივ რესურსებს და ენერგიას; ამცირებს დაბინძურებას; არის მოკლე მანძილების ქალაქი; გადაადგილება ეფუძნება საზოგადოებრივ ტრანსპორტს; შემცირებულია უარყოფითი გავლენა გარემოზე, მოსახლეობის კარგი მიღწევადობა სამუშაო ადგილებთან და მომსახურების სერვისებთან.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემებსა და გადაწყვეტის გზებზე. აღნიშნა, რომ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების დაგეგმარების დროს იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს, რადგან ჩვენ არ გვყავს. ბოლო წლების ქალაქების მგგ-ების დამუშავების დროს, როგორც წესი მონაწილეობენ გერმანელი, ფრანგი და ჰოლანდიელი სპეციალისტები. ეს ერთის მხრივ დაგვიცავს შეცდომებისგან მათ აქვთ დიდი გამოცდილება, თუმცა აუცილებელია ქართველი სპეციალისტების აღზრდა. მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მომხსენებელმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.