1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
- სექტემბერი 12, 2024
2024 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა სქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა 1924 წლის აჯანყების უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან დამარცხების მიუხედავად, ამ მოვლენამ მსოფლიოს დაანახა ქართველი ერის უდიდესი სურვილი აღედგინა თავისი დაკარგული თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრფესორებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა.
წარმოდგენილ მოხსენებებში ხაზი გაესვა საქართველოს ემიგრანტული მთავრობის დამოკიდებულებას და მის ღვაწლს აჯანყების მომზადებისა და რეალიზების საქმეში, ემიგრანტული პრესის პუბლიკაციებს და საგაზეთო შეფასებებს, საბჭოთა რეპრესიების კონკრეტულ დრამატულ ეპიზოდებს აჯანყების ეპიცენტრში –კახეთში, ანტისაბჭოთა აჯანყების ჩასახვა–განვითარების საკითხებს აფხაზეთში. გაანალიზდა საბჭოთა რეპრესიების კონკრეტული შედეგები ერთი რიგითი ოჯახის – თურქესტანიშვილების ოჯახის მაგალითზე. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება აჯანყების პროვოცირების საკითხებზე – წარმოდგენილ იქნა ახალი საარქივო მასალა და ა.შ. დასასრულს შეჯამდა ბოლო წლებში ქართულ პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები, დასკვნები და გამოითქვა იმედი, რომ ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მეცნიერული შესწავლა მომავალში ინტენსიურად გაგრძელდება.
ფრიად საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს პროფესორებმა: გიორგი გოცირიძემ, სერგო ვარდოსანიძემ, ლევან ჯიქიამ, თენგიზ სიმაშვილმა, ეროვნული მოძრაობის ცნობილმა მოღვაწემ ირაკლი წერეთელმა, ისტორიის დოქტორმა ლელა მიქიაშვილმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე დაუშვილმა.