ლევილში 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილე აღინიშნა
- ოქტომბერი 2, 2024
ლევილის ქართულ-ფრანგული მუზეუმის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ლევილის ქართველთა მამულში ჩატარდა 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით ლევილს საქართველოდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები და ანსამბლი ,,ქართული ხმები“.
საქართველოდან ჩასული დელეგაციის წევრებმა ფრანგული მხარის წარმომადგენლებთან ერთად ლევილის სასაფლაო მემორიალი ყვავილებით შეამკეს და იქ დაკრძალულთა ხსოვნას პატივი ქართული მრავალხმიანობითაც მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში ლევილის შატოს განახლებულ სივრცეში ჩატარდა 1924 წლის სახალხო აჯანყების საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მჩეველი, ისტორიის აკადემიური დოქტორი პაატა სურგულაძე. მეცნიერი დამსწრე საზოაგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით ,,ნოე ხომერიკი (პოლიტიკური პორტრეტი)“.
სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების შთამომავლები და მოწვეული ფრანგი სტუმრები.
მოხსენების დაწყებამდე პაატა სურგულაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ, 2024 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც საქართველოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველია, ყოველთვის იდგა და დღესაც მყარად დგას ეროვნულ პოზიციაზე. აქედან გამომდინარე, აკადემია ყველაფერი ეროვნულის კვლევისა და წარმოჩენის საქმეში ნამდვილად მოწინავე პოზიციებზეა.