ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომის პრეზენტაცია
- ოქტომბერი 10, 2024
2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარმოადგინა. პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედია „საქართველოს“ V ტომში, რომელიც მოიცავს ტერმინებს კვირადღე – მედიაცია, განთავსებულია 3000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 800-მდე ფოტო, რუკა და ილუსტრაცია (ტირაჟი – 700 ეგზ.).
გამოცემაში გამოყენებულია პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მრავალტომეულში განთავსებული, განახლებული მასალა, ასევე სხვა საენციკლოპედიო გამოცემებში („თბილისი“, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ – 6 წიგნი, „ქართული ენა“) არსებული უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების კვლევები. ჩვენს ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაზუსტებულ და უტყუარ ინფორმაციას, რაც ძნელად მოსაპოვებელი და დასაცავია. ამიტომაც არის აღსანიშნავი ენციკლოპედიის თითოეული თანამშრომლის და დარგების სხვა სპეციალისტების, კონსულტანტების, გამოჩენილი მეცნიერების მიერ შესრულებული ნამუშევარი. ამიტომაც, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით.
ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა დღემდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მოვლენებს, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველ მოღვაწეთა საქმიანობასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოღვაწეობას საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, რაც ადრეულ გამოცემებში ნაკლებად შუქდებოდა.
მკითხველი გაეცნობა საქართველოს შესახებ არსებულ მრავალფეროვან და უახლეს ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ მოვლენებზე, რომლებმაც კვალი დააჩნიეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
წინამდებარე ტომში მრავლადაა სტატიები ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, რომლებიც პირველად ქვეყნდება.
ენციკლოპედია „საქართველოს“ ხუთივე ტომის 14327 სტატია განთავსებულია ვებგვერდზე www.georgianencyclopedia.ge. ხილვათა რაოდენობამ დღეისათვის 200 ათასს გადააჭარბა.
მიმდინარე წლიდან დაიწყო სტატიების თარგმნა ინგლისურ ენაზე (დღეისათვის დაახლოებით 400 სტატია), რომლებიც ასევე განთავსებულია ვებგვერდზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, ცნობილი ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი, ბაკურ კიღურაძე; აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ლია მელიქიშვილი, ჯონი ხეცურიანი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე და სხვ.