ქეთევან ნემსაძე
- ოქტომბერი 23, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი, ქართული პედიატრიის წამყვანი მეცნიერი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე.
ქ. ნემსაძე დაიბადა 1949 წელს ქ. ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ექიმ ორდინატორად, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე ასისტენტად, მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის გენერალურ დირექტორად, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცერნტრალური კლინიკის დირექტორად, 2014 წლიდან კი გლობალმედის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელად მუშაობდა.
1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „უჯრედული და ჰემორული იმუნიტეტის მდგომარეობა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს“, ხოლო 1993 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ახალშობილი და ჩვილი ასაკის სეფსისით შეპყრობილ ბავშვთა საცნაურ საყოფი კრიტერიუმები და მკურნალობის ინტენსიფიკაცია“.
2009 წელს ქ-ნი ქეთევანი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. იგი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი.
უდიდესია ქ-ნ ქეთევანის წვლილი ქართული პედიატრიის განვითარებაში. ის იყო „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ავტორი. მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამები ბავშვთა ასაკის დიარეული და რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ, „ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა“ (IMCI). მისი ძალისხმევით დაიგეგმა ქვეყანაში „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ შერჩევის პრაქტიკა, ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის განხორციელება, ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა UNICEF-ის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს ცენტრალური ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებში.
ქეთევან ნემსაძე იყო „მსოფლიო სამიტი ბავშვებისათვის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, ძუძუთა კვების აკადემიის (აშშ) საპატიო წევრი და სხვ.
ქალბატონ ქეთევანს მიღებული აქვს ჯილდო „ესკულაპი“ წლის საუკეთესო ექიმი, წარმატების სერთიფიკატი ტექნიკური კოორპორაციის პროგრამებში მონაწილეობისათვის. დაჯილდოებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო სიგელებით. მიღებული აქვს ჯილდო „ოქროს ფონენდოსკოპი“.
ქეთევან ნემსაძე იყო გამორჩეული ადამიანური თვისებების, კეთილშობილური ბუნების მქონე ღირსეული პიროვნება. ძნელია შეეგუო ასეთი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლას, მაგრამ სანუგეშოდ რჩება ის, რომ უკეთილშობილესი და მაღალპროფესიონალი ექიმის ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მისი ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისა და მადლიერი პაციენტების გულში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია