თენგიზ ბერიძე
- დეკემბერი 6, 2024
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი, მოლეკულური ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ბერიძე.
თ. ბერიძე იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. იგი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიის.
თენგიზ ბერიძე არის მცენარეულ უჯრედში სატელიტური დნმ-ის აღმოჩენის ავტორი. მისი მინოგრაფია „სატელიტური დნმ“ გამოქვეყნა ცნობილმა სამეცნიერო გამომცემლობა „Springer-Verlag“-მა 1986 წელს (Beridze T. Satellite DNA, Springer-Verlag, Berlin, Heidelberg, New York, Tokio). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის მეთოდების გამოყენებით ვაზისა და ხორბლის ქართული ენდემური ჯიშების გენომის სტრუქტურის დადგენის საქმეში.
თენგიზ ბერიძის მიერ მიღებულ მონაცემებს გარდა ფუნდამენტური ხასიათისა დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. ქართული ვაზის ჯიშების გენომის სეკვენირებამ ხელი შეუწყო მეცნიერული ცოდნის, ტრადიციებისა და ინოვაციების კომბინაციაზე დაფუძნებულ თანამედროვე მევენახეობის განვითარებას საქართველოში. მის მიერ შესწავლილია ქართული ენდემური ხორბლებისა და მათი წინამორბედების გენეტიკური მრავალფეროვნება, რაც გამოყენებას ჰპოვებს ხორბლების სელექციასა და გენეტიკურ ინჟინერიაში.
თენგიზ ბერიძეს დიდი ამაგი მიუძღვის მოლეკულურ ბიოლოგიაში კადრების მომზადების საქმეში. ის ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
ბატონი თენგიზი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1999). იყო ბიოქიმიის დარგში ს. დურმიშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2011).
თენგიზ ბერიძე გამოირჩეოდა საუკეთესო პიროვნული თვისებებით. იყო უაღრესად კეთილშობილი და თავმდაბალი. კოლეგებში სარგებლობდა დამსახურებული სიყვარულითა და პატივისცემით. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის და დიდი ტკივილი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მას პირადად იცნობდა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია