აშშ-ში აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი გამოიცა
- დეკემბერი 18, 2024
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.).
წიგნში გაერთიანებულია ესსეები, რომლებშიც განხილული საკითხები ეკონომიკური მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ სქემებში ვერ ჯდება.
„წიგნის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მასში ეკონომიკის არატრივიალური, სადისკუსიო საკითხებია განხილული. ნაჩვენებია, რომ თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება კრიზისულ მდგომარეობაშია და მისი დაძლევის ზოგიერთი რეკომენდაციაა მოცემული. დასაბუთებულია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოების დამოუკიდებელ ფაქტორს წარმოადგენს. შემოთავაზებულია საბაზრო თანასწორობის თეორიული კონცეფცია.
განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარების საკითხებს. შესწავლილია როგორც ეკონომიკის ჩამორჩენილობის მიზეზები, ასევე პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაში ე.წ. მკვდარი ეკონომიკის ხელოვნური გზით ფუნქციონირების მიზეზები. განხილულია ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის სუსტი მხარეები და შემოთავაზებული მათი დაძლევის შესაძლო გზა. გახსნილია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ლაფერის ეფექტის გამოვლენის თავისებურებები.
წიგნში თანამედროვეობის აქტუალური საკითხებიცაა განხილული. კერძოდ, შესწავლილია COVID–19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, თავისებურებები, გამოვლენილია იმ ეკონომიკური სანქციების გარე ეფექტები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო შემოიღო. წარმოდგენილია ჰიპერგლობალიზაციის კონფრონტაციულ გლობალიზაციად ტრანსფორმაციის პროცესი. გააზრებულია გლობალიზაციის, როგორც ასეთის, შესაძლო მომავალი. წიგნში ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე პრობლემების შესახებ არაერთი საკამათო შეხედულება და მოსაზრებაა განხილული.
წიგნს ბოლოში დართული აქვს ცნობილი უცხოელი ეკონომისტების ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტის დანი როდრიკის, ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ჯეიმს კ. გელბრეიტის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის ჯეიმას ა. ლეიტცელის, და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუსი პროფესორის სერჯიო მარიოტის დადებითი შეფასებები“.
წიგნი „ამაზონის“ პლატფორმაზეა განთავსებული.