მილოცვა თანამემამულეებს სამეცნიერო მიღწევებისათვის

მილოცვა თანამემამულეებს სამეცნიერო მიღწევებისათვის

  • დეკემბერი 24, 2024

გასული 2024 წელი ერთობ უხვი და მადლიანი აღმოჩნდა იმ აღიარებათა თვალსაზრისით, რომლებიც ერგო უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს ბატონ სამსონ შათაშვილს და ბატონ გიორგი ჯაყელს.

დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ნატურ-ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე და ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი სამსონ შათაშვილი  დაჯილდოვებულ იქნა  2025 წლის ჰეინემანის პრემიით. დენი ჰეინემანის (Dannie Heineman) პრემია დაარსებულია ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მიერ და გაიცემა გამორჩეული მიღწევებისთვის მათემატიკური ფიზიკის დარგში. https://www.aps.org/funding-recognition/prize/dannie-heineman

სამსონ შათაშვილმა 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ‘’თეორიული ფიზიკა“. იმავე წელს მან განაგრძო სწავლა სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში, სადაც 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოჩენილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ლუდვიგ ფადეევის ხელმძღვანელობით. 1989 წელს  მან იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.   იმავე წელს ის გაემგზავრა აშშ-ში, მუშაობდა  ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდგომში პრინსტონის მოწინავე კვლევების ინსტიტუტში, ხოლო 1994 წელს მიიღო პროფესორის პოზიცია იელის უნივერსიტეტში სადაც დაჰყო 2002 წლამდე, როდესაც მიიღი პროფესორის  პოზიცია დუბლინის ტრინიტის კოლეჯში. ამჟამად იგი არის კოლეჯის ნატურ-ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე და ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი.  ის გახლავთ ირლანდიის სამეფო აკადემიის  ნამდვილი წევრი.

ბატონი სამსონის  სამეცნიერო მოღვაწეობა თანამედროვე მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის გასაყარზეა და მის მიერ მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე მათემატიკის ასევე ფიზიკის თვალსაზრისით. ჰეინემანის პრემიის მიმნიჭებელი კომისიის დასკვნაში აღნიშნულია რომ, ბატონ შათაშვილს ეს ჯილდო მიენიჭა ველის კვანტურ თეორიაში სიმეტრიის კვლევისას სხვადასხვა ტექნიკის ჭკვიანური გამოყენებისთვის, გამოკვლევებისთვის ანომალიების შესახებზე,  შრომისთვის სუპერსიმების განსაკუთრებული ჰოლონომიის კომფაქტიფიკაციაზე და სუპერსიმეტრიულ ვაკუუმებსა და კვანტუმ ინტეგრებადობას შორის კავშირის დადგენისთვის.

ჰეინემანის პრემიის პრესტიჟულობაზე კარგად მეტყველებს იმ ლაურეატთა სია ვინც დაჯილდოვებული იყო გასულ წლებში. ლაურეატებს შორის თანამედროვე მათემატიკისა და ფიზიკის ისეთი კორიფეებია როგორც მარეი გელ-მანი,  სტივენ ვეინბერგი, გერალდ ჰოფტი, სტივენ ხოუკინგი, ნიკოლაი ბოგოლუბოვი, ლუდვიგ ფადეევი, სუბრაჰამან ჩანდრასეკარი, ალექსანდრე პოლიაკოვი, ედუარდ ვიტენი, ვლადიმერ არნოლდი, იაკობ სინაი და სხვები.

2024 წლის დაჯილდოებულთა შორის არის მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი – გიორგი ჯაყელი, მას თანამშრომლებთან – გინიატ ხალიულინთან და ჰიდენორი ტაკაგისთან ერთად მიენიჭა ჯეიმს მაკგროდის (James C. McGroddy) პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოება. მათ პრემია მიენიჭათ „ფუძემდებლური  თეორიული და ექსპერიმენტული კვლევებისთვის და პიონერული შედეგებისთვის  ტოპოლოგიური კვანტური მატერიის იმ ახალი ფორმების შესწავლაში, რომლებიც ხორციელდება გარდამავალი ლითონთა ჟანგეულებში სპინ-ორბიტული ურთიერთქმედებით“. https://www.fkf.mpg.de/8380859/2024_10_APS

გიორგი ჯაყელი თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის კურსდათავრებულია, მან საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს დუბნაში და მეოთხედი საუკუნეა ძირითადად მოღვაწეობს დასავლეთ ევეროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო ბოლო 15 წელიწადია მისი საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკის ინსტიტუტთან.

ჯეიმს მაკგროდის პრემია ახალი მასალებისთვის, გაიცემა ამერიკის ფიზიკური საზოგადოების მიერ 1975 წლიდან და  და ყოველწლიურად ენიჭება მეცნიერებს, როგორც აღიარება  მათი გამორჩეული მიღწევების “მასალათა ახალი კლასის აღმოჩენაში ან ცნობილ მასალებში ისეთი ახალი მოვლენების დამზერაში, რაც იწვევს როგორც არსებით მეცნიერულს  წინსვლას მოვლენის გაგებაში ასევე ქმნის  ახალი გამოყენებების შესაძლებლობას“ . წინა წლების პრემიის ლაურეატებს შორის არიან ისეთი გამოჩენილი მკვლევარები, როგორცაა ტრანზისტორის პირველი გამომგონებელი ჰაინრიჰ ველკერი,  ტუნელური დიოდის შემქმნელი – ნობელის პრემიის ლაურეატი ლეო ესაკი, მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმომჩენები, ნობელის პრემიის ლაურეატები გეორგ ბერდნორცი და ალექს მიულერი, ასტროქიმიკოსები, ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატები ნახშირბადის ახალი ნანო-ალოტროპიის ფულერენების აღმომჩენები რობერტ კურლი, ჰაროლდ კროტო და რიჩარდ სმალლეი, გიგანტური მაგნიტოწინაღობის მქონე მასალების აღმომჩენები, შემდგომში ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები პეტერ გრიუნბერგი და ალბერტ ფერტი. ლაურეატთა ეს მოკლე ჩამონათვალიც კი კარგად ადასტურებს პრემიის გამორჩეულ მნიშვნელობას.

პრემიის გადაცემა მოხდება 2025 წლის მარტში ამერიკის ფიზიკის საზოგადოების კონდენსირებულ გარემოთა სექციის ყოველწლიურ კონფერენციაზე.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება გულითადად ულოცავს ბატონ სამსონ შათაშვილს და ბატონ გიორგი ჯაყელს  ამ ღირსეულ ჯილდოს და უსურვებს მათ მრავალ ახალ წარმატებას მომავალ 2025 წელს.