აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე 90 წლისაა

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე 90 წლისაა

  • დეკემბერი 24, 2024

გამოჩენილ მეცნიერს, აკადემიკოს თამაზ ჭელიძეს დაბა­დებიდან 90 წელი შეუსრულდა.

ბატონი თამაზი მეცნიერთა იმ პლეადის წარმომადგე­ნელია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში და სახელი გაუთქვა თავის ქვეყანას.

თამაზ ჭელიძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. ქუთაისში. 1952 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს გეოლოგ-გეოფიზიკოსის  სპეციალობით. იმავე წელს ბატონმა თამაზმა მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან  იკავებდა სხვადასხვა სამეცნიერო და ადმინისტრა­ციულ პოზიციას. 1992-2006 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე იგი არის ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და გამოყე­ნებითი გეოფიზიკის სექტორის ხელმძღვანელი.

1964 წელს თამაზ ჭელიძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქანების ელექტრული პარამეტრების ველის სიხშირეზე დამოკიდებულების საკითხისათვის” და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის  მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1975 წელს კიევში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ზედაპირული ეფექტები ჰეტე­როგენური სისტემების დიელექტრიკულ სპექტროსკოპიაში”, რისთვისაც მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1985 წელს მოსკოვში, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პერკოლაციის მოდელები რღვევის ფიზიკაში” და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1990 წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება და არჩეულ იქნა თბილისის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. 1997 წლიდან იგი საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ხოლო 2013 წლიდან – აკადემიკოსი.

ხანგრძლივი და დაუღალავი შემოქმედებითი შრომით ბატონმა თამაზმა ხელი შეუწყო საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების შემდგომ განვითარებას და ახალი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების შექმნას. საერთაშორისო დონეზეა აღიარე­ბული მისი შრომები რღვევის პერკოლაციური მოდელისა და   მიწისძვრების კერის ფიზიკის საკითხებზე, რის შედეგად შეიქმნა ახალი კვლევითი მიმართულება: რღვე­ვის პერკოლაციური (ფრაქტალური) მექანიკა. ეს საკითხები განხილულია ბატონი თამაზის მონოგრაფიაში „პერკოლაციის თეორიის მეთოდები გეომასალათა მექა­ნიკაში”. მნიშვნელოვანია ბატონი თამაზის მიღწევები სეისმური პროცესების არაწრფივ კვლევასა და კრიტიკულობის თეორიაში. კერძოდ, კრიტიკულ მდგომა­რეობასთან მიახლოებული მექანიკური სისტემების მდგრადობის შესწავლამ გამოავ­ლინა სეისმური პროცესების შედარებით სუსტი პერიოდული ველებით სინქრო­ნიზაციის პრინციპული შესაძლებლობა.

აკადემიკოს თამაზ ჭელიძის ხელმძღვანელობით, ქართველი სეისმოლოგების მიერ, 1990-1995 წლებში შედგენილ იქნა საქართველოს ზოგადი სეისმური დარაიო­ნების რუკა, რომელიც 1999 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტრომ დაამ­ტკიცა ნორმატიული დოკუმენტის სახით. მის ახალ ვერსიაზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.

ბატონ თამაზის კვლევებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ენგურჰესის კაშხლისა და მისი ფუნდამენტის დახრებისა და დეფორმაციების კვლევა, რაც უმნიშვნელო­ვანესია ამ უნიკალური ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის. თ. ჭელიძის ხელმძღვნელობით მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი ენგურჰესის კაშხალზე. იგი არის 1995 წელს ევროსაბჭოსთან არსებული დიდი კატასტროფების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ცენტრის „მაღლივი კაშხლების გეოდინამიკური რისკი“, პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით შექმნილია კაშხლების და დიდი საინჟინრო ობიექტების მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების ავტომატური ტელე­მეტრული სისტემა, რაც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით.

2021-2023 წლებში თ. ჭელიძემ აქტიურად გააგრძელა მუშაობა მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებით მიწისძვრების წინამორბედების აღმოჩენის პრობ­ლემაზე. ჯერ კიდევ 1995 წელს გამოქვეყნდა მისი სტატია, სადაც „დამხმარე ვექტორული მანქანების“ მიდგომის საფუძველზე განიხილებოდა კავკასიაში მაგნი­ტუდა 5 მიწისძვრის მოხდენის ალბათობის საკითხი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაშრომი მანქანური სწავლების გამოყენებით ძლიერი მიწისძვრების პროგნო­ზირების მიმართულებით.

ბატონი თამაზი წლების განმავლობაში ერთობლივ სამუშაოებს ატარებდა აშშ, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მეცნიერებთან. მაღალრეიტინგულ რეცენზირებად ჟურნალებსა და გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. ბატონი თამაზის მიერ მიღებული შედეგები შეტანილია უცხოეთში გამოცემულ სახელმ­ძღვანელოებში.

ბატონ თამაზს მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო, ინდივიდუალური და ეროვნული სამეცნიერო გრანტი. მისი, როგორც მეცნიერისა და ინტელექ­ტუალის ავტორიტეტს, უთუოდ ამაღლებს რამდენიმე უცხო ენის ფლობა.

წლების განმავლობაში ბატონი თამაზი დიდ სამეცნიერო-ორგანიზაციულ მუშაო­ბასაც ეწევა. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა გეოფიზიკური საზოგადოება და ამ საზოგადოების ინგლისურენოვანი ჟურნალი. არის საქართველოს გეოფიზი­კური საზოგადოების პრეზიდენტი, კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, გეოდეზიის და გეოფიზიკის საერთაშორისო კავში­რის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, 2021 წელს თ. ჭელიძე არჩეულ იქნა ლონდონის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ნამდვილ წევრად.  ამავე დროს ბატონი თამაზი არის ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების ნამდვი­ლი წევრი, მსოფლიო საძიებო გეოფიზიკის საზოგადოების წევრი. 1987 და 1992 წლებში იგი იყო საფრანგეთში სტრასბურგის უნივერსიტეტის, 1994-1997 წლებში რენის უნივერსიტეტის, ხოლო 2000 წელს პარიზის „ეკოლ ნორმალ სუპერიორ”-ის მიწვეული პროფესორი.

ბატონი თამაზი, მეცნიერულ კვლევებთან ერთად, 1972 წლიდან ეწეოდა პედა­გოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სასარგებლო ნამარხთა ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრაზე. 1997-2006 წლებში იყო ამ კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა ეზიარა გეოფიზიკურ მეცნი­ერებას, მათ შორის ორი მეცნიერებათა დოქტორი და რვა მეცნიერებათა კანდი­დატია.

ბატონ თამაზს მიღებული აქვს მთავრობის არაერთი ჯილდო და სახელობითი პრემია: საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი,  ღირსების ორდენი,  მ. ალექსიძის სახელობის პრემია,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მ. ნოდიას სახელობის პრემია. იგი ქ. თბილისის საპატიო მოქალაქეა.

თამაზ ჭელიძე ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნებაა. ხაზი უნდა გაესვას მის სამაგალითო პიროვნულ თვისებებს, როგორიცაა: კეთილშობილება, თავმდაბლობა, მაღალი ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავისა და კოლეგებისადმი.

ვულოცავთ ბატონ თამაზს იუბილეს, ვუსურვებთ მას კიდევ მრავალ სამეცნიერო წარმატებებს,  ჯანმრთელობასა და მხნეობას ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი