
წიგნის – „სვანეთის ისტორია“ – წარდგინება
- თებერვალი 15, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ისტორიის, ეთნოგრაფიის და რელიგიის კომისიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივ სხდომაზე, განხილულ იქნა გოჩა ჭელიძის წიგნი – „სვანეთის ისტორია“.
წიგნის პირველ ნაწილში დაწვრილებით არის მოთხრობილი საქართველოს ძირძველი მხარის, სვანეთის ისტორია ანტიკური პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე. უნიკალურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დეტალურად არის განხილული სვანეთის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების საქმეში. აქვე განხილულია დავიწყებას მიცემული ქართული ჩრდილო კავკასიის ისტორია და სვანეთის ფუნქცია ქართული ჩრდილო კავკასიის არსებობის საკითხში. იმავდროულად განხილულია სვანეთში შემონახული ძირძველი ქართული ენის – სვანური ენის მნიშვნელობა თანამედროვე ევროპული ენების განვითარების საკითხებში და რაც მთავარია თანამედროვე საქართველოს და ჩრდილო კავკასიის ტოპონიმიკების შესწავლის საკითხებში. აქვე გადმოცემულია ერთ დროს სვანეთში გავრცელებული და დავიწყებას მიცემული 3000 ზე მეტი სახელი და 1000-მდე გვარი, რომელიც ისტორიის მანძილზე სვანეთში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და დღეს სვანეთში ვეღარ შევხვდებით.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.