სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • მარტი 7, 2025

2025 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის “სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა-საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს” სხდომა თემაზე: “მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაცია პაციენტისთვის, გულის უკმარისობის ტერმინალური სტადიით”. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ უაღრესად საინტერესეო, უახლესი მეთოდი, რომლის დანერგვა უამრავ პაციენტს მისცემს შვებას და გაუხაგრძლივებს სიცოცხლეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა და შემდეგ სიტყვა გადაეცა ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორს კონსტანტინე ყიფიანს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ორი მოხსენება –  „მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაციის ჩვენებები და მართვის თავისებურებები“ – რუსუდან აგლაძე, მედიცინის დოქტორი, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და  „მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის მუშაობის პრინციპი და იმპლანტაციის თავისებურებები“ – ზაზა კაციტაძე, მედიცინის დოქტორი, ნ. ბოხუას სახელობის ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გულის უკმარისობა (HF) არის პროგრესირებადი სინდრომი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება მივიდეს ტერმინალურ სტადიამდე, როდესაც ტრადიციული მედიკამენტოზური ან ინტერვენციური მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს საკმარის კლინიკურ გაუმჯობესებას. ამ დროს, მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები (LVADs) წარმოადგენენ ეფექტურ შესაძლებლობას, პრაქტიკულად გულის ტრანსპლანტაციის ალტერნატივას, რაც აუმჯობესებს ტერმინალური გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლებს და ცხოვრების ხარისხს.

LVAD არის მექანიკური ტუმბო, რომელიც ასრულებს მარცხენა პარკუჭის ფუნქციას, ანუ ხელს უწყობს სისხლის გამოდევნას აორტაში და, შესაბამისად, სისტემურ მიმოქცევაში.

ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა (LVAD) არის HeartMate 3, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული სარგებელითა და შემცირებული გვერდითი მოვლენებით.

HeartMate 3-ის კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ამ მოწყობილობის გამოყენება დაკავშირებულია პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან და გართულებების შემცირებასთან.

LVAD პაციენტები იღებენ მრავალფეროვან მედიკამენტებს, რომელთა მთავარი მიზანია თრომბოზის, სისხლდენის, არითმიების და ინფექციების პრევენცია, ასევე სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაცია. ყველა პაციენტისთვის მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტი LVAD-ით ცხოვრობს საშუალოდ 7 წელი. ეს შედეგები დამოკიდებულია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე, LVAD-ის ტიპზე და იმაზე, გამოიყენება თუ არა მოწყობილობა გულის გადანერგვამდე ხიდად (bridge-to-transplant) თუ საბოლოო თერაპიად (destination therapy).

მიუხედავად იმისა, რომ LVAD არ წარმოადგენს გულის უკმარისობის სრულ განკურნებას, ის მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

მომხსნებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.